ინფრასტრუქტურულ პროექტებში 15 ათასი ადამიანია დასაქმებული

"დაახლოებით 6 ათასი პროექტი, 500-ზე მეტი კომპანია მუშაობს ამ ეტაპზე ინფრასტრუქტურის სამინისტროს პროექტებზე, დაახლოებით 15 ათასი ადამიანი დღეის მდგომარეობით არის დასაქმებული“, - ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი აცხადებს.

მისი თქმით, ინფექციასთან ბრძოლის პარალელურად, საქართველოს მთავრობას სისტემურად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება არ შეუჩერებია.

„დღეს ყველა პროექტი არის აღდგენილი, უკვე დიდი ხანია, პრაქტიკულად, იმ დღიდან, როგორც კი, შეზღუდვების მოხსნა დაიწყო, როდესაც სამშენებლო საქმიანობა და სამშენებლო მასალების ნაწილში მიწოდება გახდა შესაძლებელი," -  ამბობს ცქიტიშვილი.

მინისტრის თქმით, არ შეჩერებულა 33 პროექტი, რომელთა მიმდინარეობაზე მკაცრი კონტროლი დაწესდა.

„33 პროექტი არ გაჩერებულა, ეს იყო დიდი, სისტემური პროექტები, რომელიც უკვე ვნახეთ. მაგალითად, ქუთაისის შემოვლითი გზის ორი ზოლი გავხსენით დამატებით, ეს იყო სწორედ ერთ-ერთი პროექტი, რომელიც არ გაჩერებულა“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა და დასძინა, რომ იმავე რეჟიმში გრძელდებოდა რიკოთის მაგისტრალის მშენებლობაც.