ივენთ კომპანიების სესხის სუბსიდირების სქემა დღეიდან ამოქმედდა

ივენთ კომპანიების სესხის სუბსიდირების სქემა დღეიდან გაეშვა.

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ პროგრამაზე - „ღონისძიებების ორგანიზატორთა მიერ კომერციული ბანკისგან მიღებული სესხის სუბსიდირების სქემა“, განცხადებების მიღება დღეიდან დაიწყო.

ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ვითარებიდან გამომდინარე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ 16 ნოემბრიდან აცხადებს განაცხადების მიღებას პროგრამაზე „ღონისძიებების ორგანიზატორთა მიერ კომერციული ბანკისგან მიღებული სესხის სუბსიდირების სქემა“.

პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID 19) პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეებიდან გამომდინარე ნებისმიერი ტიპის ღონისძიებების ორგანიზების სფეროში მოქმედი იმ მეწარმე სუბიექტების მიერ კომერციულ ბაკში აღებული სესხების სუბსიდირება, რომელთაც შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე შეეზღუდათ ოპერირების შესაძლებლობა, შესაბამისად, შეუმცირდათ ოპერირებიდან მიღებული შემოსავალი და ვითარებიდან გამომდინარე არ აქვთ შესაძლებლობა, უზრუნველყონ კომერციულ ბანკში აღებული სესხის გადახდა.

აღნიშნული მექანიზმის ფარგლებში, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს, 2020 წლის 1-ლი მარტიდან მომდევნო 12 თვის განმავლობაში მეწარმე სუბიექტებისთვის სესხზე დარიცხული წლიური სარგებლის თანადაფინანსებას, რომელიც დაითვლება ამ სესხზე 1 მარტის მდგომარეობით არსებული საპროცენტო განაკვეთის გამოყენებით.

სუბსიდირების სქემის შესაბამისად თითოეული სესხისთვის დათვლილი სუბსიდირების თანხა შესაძლოა გამოყენებულ იქნას როგორც აღნიშნული სესხის 2020 წლის 1 მარტამდე წარმოშობილი ვალდებულებების, ასევე 2020 წლის 1 მარტის შემდგომ გადასახდელი ვალდებულების (სესხის ძირი და დარიცხული საპროცენტო სარგებელი) დასაფარად.

ყველაფერს სახელმწიფო პროგრამაზე "აწარმოე საქართველოში", გაეცანით report.ge-ზე. 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით სააგენტოს მომსახურების ცენტრს, ნომერზე: 1525