ქართული კომპანიები ბავშვის ტანსაცმლის საერთაშორისო ონლაინ გამოფენაში წარსდგებიან

სააგენტოს მხარდაჭერით, ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ ბავშვის ტანსაცმლის საერთაშორისო ონლაინ გამოფენაში - PITTI IMMAGINE BIMBO 2021. სააგენტოს მიერ მხარდაჭერილი კომპანიების რაოდენობა ამჟამად მხოლოდ ხუთია.

ამის შესახებ report.ge-ს სააგენტო "აწარმოე საქართველოდან" აცნობეს.

Pitti Immagine Bimbo არის ბავშვის ტანსაცმლის სექტორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოფენა, რომელიც ტრადიციულად ტარდება იტალიაში, ქალაქ ფლორენციაში. გამოფენას ყოველწლიურად სტუმრობს 10 000 ვიზიტორი და მონაწილეობას იღებს 500-მდე საერთაშორისო ბრენდი. Pitti Immagine Bimbo იზიდავს მსხვილ ბრენდებსა და მულტინაციონალურ ვიზიტორებს.

ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, 2021 წელს გამოფენის ზამთარ-გაზაფხულის სეზონი ონლაინ რეჟიმში ჩატარდება. ღონისძიება დაიწყება 2021 წლის 27 იანვარს და გაგრძელდება 5 აპრილამდე.

კომპანიების შერჩევა განხორციელდება სააგენტოს მიერ შემუშავებული და დამტკიცებული კომპანიების შერჩევის და თანადაფინანსების დოკუმენტის საფუძველზე.