ქართული ნაწარმი Riga Food 2019 - ზე

ლატვიის დედაქალაქი კვების მრეწველობის ყოველწლიურ საერთაშორისო გამოფენას Riga Food 2019 მასპინძლობს. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ლატვიაში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, უკვე წლებია, ქალაქ რიგაში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში საქართველოც მონაწილეობს. საქართველოს სტენდზე ლატვიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრს, კასპარს გერჰარდსს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თეა მაისურაძემ უმასპინძლა.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ქართული პროდუქციის ევროპის ბაზარზე პოპულარიზაცია და საექსპორტო არეალის გაფართოება. საერთაშორისო გამოფენები კარგი შესაძლებლობაა ქართული კომპანიებისთვის საკუთარი პროდუქცია წარუდგინონ დამთვალიერებლებს, მოიძიონ პარტნიორები და დაამყარონ საქმიანი კონტაქტები, რაც საერთო ჯამში, ხელს შეუწყობს ქართული წარმოების განვითარებას“, - აღნიშნა თეა მაისურაძემ.

წელს, ქართულ სტენდზე საკუთარი პროდუქცია 14-მა ქართულმა კომპანიამ (მურაბელა, კულა, ქართული ლუდის კომპანია ზედაზენი, EU-GS STANDART GmbH, კორპორაცია ქართული ღვინო, მეღვინეობა ბესინი, ნინო მერის მარანი, შილდა, ბალავარი, მელიქტონი ჩიფსი Frixx, შატო ატენი, ჩელთი, ამოსა, Alpha Group) წარმოადგინა. 

სურსათის, სასმელების, კვების მრეწველობის, გადამმუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების, HORECA და მაღაზიების აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენა Riga Food 2019, 4-7 სექტემბერს იმართება.

გამოფენაში მსოფლიოს 37 ქვეყნის 720-ზე მეტი კომპანია მონაწილეობს. მომავალი წელი გამოფენისთვის საიუბილეოა. 2020 წელს, საერთაშორისო გამოფენა Riga Food ოცდამეხუთედ გაიმართება.