ენერგოკომპანიებს შეიძლება ხუთ პროცენტზე მეტი წილის/აქციების გასხვისება აეკრძალოთ

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) შესაძლოა, უფლებამოსილი გახდეს, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომუშავე კომპანიებს ხუთ პროცენტზე უფრო მეტი წილის/აქციების გასხვისება აუკრძალოს.

შესაბამისი ცვლილებები „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიცირება პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე იგეგმება და, რომლის განხილვას ინიციატორები დაჩქარებული წესით ითხოვენ.

კანონპროექტის თანახმადვე, თავის მხრივ, კომისია ვალდებულია, შეისწავლოს მიღებული შეტყობინება და გასცეს თანხმობა ან აკრძალოს შერწყმა, წილის ან აქციების გასხვისება, მაკონტროლებელი პირის (საბოლოო ბენეფიციარის) ცვლილება ან და საოპერაციო აქტივის გასხვისება.

„აკრძალვის საფუძველი, სხვა გარემოებებთან ერთად, შეიძლება, იყოს სისტემის ოპერატორის მიერ სისტემის მოსარგებლეებისთვის გაწეული მომსახურების შესაძლო გაუარესება, სისტემის ოპერატორის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაძლო შეუსრულებლობა ან და სისტემის ოპერატორის ტარიფზე ტრანზაქციის-ოპერაციის შესაძლო ზეგავლენა“, – ნათქვამია პროექტში.

პროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ აუცილებელია, შეიქმნას სისტემის ოპერატორის შერწყმის ან და ხუთი პროცენტი და მეტი წილის ან აქციების გასხვისების, მაკონტროლებელი პირის (საბოლოო ბენეფიციარის) ცვლილების ან და საოპერაციო აქტივის გასხვისების წინასწარი (ex ante) რეგულირების ეფექტიანი მექანიზმი. 

"წარმოდგენილი კანონპროექტი მიზნად ისახავს სწორედ ამგვარი მექანიზმის შექმნას და ავალდებულებს სისტემის ოპერატორებს, წინასწარ აცნობოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას სისტემის ოპერატორის შერწყმის ან და ხუთი პროცენტი და მეტი წილის ან აქციების, ან საოპერაციო აქტივის მთლიანი ღირებულების ხუთი პროცენტის, ან მეტის გასხვისების, ან და მაკონტროლებელი პირის (საბოლოო ბენეფიციარის) ცვლილების განზრახვის თაობაზე“, – აღნიშნულია პროექტში.