ლარის გაუფასურებამ მთავრობის ვალი 1.8 მილიარდით გაზარდა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მთავრობის ანგარიშზე მოხსენება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, საქართველოს მთავრობის ვალი 8 თვის განმავლობაში 5.6 მლრდ ლარით გაიზარდა და 25.5 მლრდ ლარს შეადგენს.

ანგარიშში განმარტებულია, რომ  2020 წლის 8 თვეში მთავრობის ვალი დაახლოებით 1.8 მილიარდი ლარით გაიზარდა ლარის კურსის გაუფასურების გამო. აქვე განმარტებულია, რომ ვალის 5.6 მლრდ ლარით გაზრდა ახალი სესხების აღებამ განაპირობა და ეს ეფექტი ზრდის 67.1%-ს შეადგენს, ხოლო ლარის გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტი 32.9%-ია. შესაბამისად აღნიშნულ პერიოდში მთავრობის ვალი 1.8 მლრდ ლარით სწორედ კურსის გაუფასურების გამო გაიზარდა.

მთავრობის საგარეო ვალის სტრუქტურაში, ვალუტების მიხედვით, დომინირებს ევროში აღებული სესხების მოცულობა (39.5%), რაც 2019 წლის ბოლოს არსებულ მაჩვენებელს 8 პროცენტული პუნქტით აღემატება.