მარნეულში მესაქონლეობის ახალი ფერმა ამოქმედდა

მარნეულის სოფელ დამია გეურარხში გახსნილი ფერმა სოფლის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. სახელმწიფოს მხარდაჭერით აშენებული და თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მესაქონლეობის ფერმა ყოველდღიურად 4 ტონა ნედლ რძეს აწარმოებს. პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხორციელდება. ფერმაში 20 ადგილობრივია დასაქმებული. 

გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფერმის მშენებლობაზე 2 მლნ ლარამდე თანხა დაიხარჯა, აქედან 1,5 მლნ ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია, დანარჩენი - ფერმერის ინვესტიცია.

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, ქვემო ქართლის რეგიონში, ჯამში, 308 მლნ ლარზე მეტი ღირებულების 7 ათასზე მეტი სესხია გაცემული, სააგენტოს გაცემულმა თანადაფინანსებამ 47 მლნ ლარზე მეტი შეადგინა.