მეჩაიეობაში ნედლეულის დეფიციტია

მთავრობა ჩაის რეაბილიტაციის პროექტს აქტიურად აგრძელებს. დარგის განვითარების მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებს წარმოების ზრდის მთავარ წინაპირობად მიიჩნევს  ,,ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის" ხელმძღვანელი თენგიზ სვანიძე. როგორც მან report.ge-ს აცნობა, საქართველოში ხარისხიან ჩაიზე მოთხოვნა გაზრდილია, თუმცა ნედლეულის სერიოზული დეფიციტია.

სვანიძე ფიქრობს, რომ ,,ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებებით თანდათან შესაძლებელი ხდება, რომ პლანტაციებთან დაკავშირებული პრობლემა გამოსწორდეს და წარმოების ტემპი დაჩქარდეს. ამ თვალსაზრისით, როგორც სვანიძე აღნიშნავს, პროექტის ფარგლებში ვალდებულებებთან დაკავშირებით შესაძლებელია პირობები შეიცვალოს, რაც ბენეფიციარებს სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობას გაუმარტივებს.

,,სახელმწიფოს მხარდაჭერით და ასევე რამდენიმე კერძო ინიციატივით მოხერხდა, რომ პლანტაციების რეაბილიტაცია მოხდეს და გაშენდეს ახალიც, სადაც ეს შესაძლებელია. რამდენიმე ათეული ჰექტარი უკვე რეაბილიტირებულია და უახლოეს რამდენიმე წელიწადში ვიგრძნობთ შედეგს, რაც დარგს დაეტყობა. კარგი იქნება, თუ აგრო პროექტი მეტ დაინტერესებას გამოიწვევს ბენეფიციარების მხრიდან, საკამოდ მკაცრი მოთხოვნაა და პროგრამის პირობების დაკმაყოფილება ბევრს უჭირს. რამდენადაც ვიცი, მეჩაიეობის პროექტი თანდათან იხვეწება და  მეტი შესაძლებლობაა, რომ დარგი განვითარდეს.  სამწუხაროდ, ჯერ კიდევ მცირე საწარმოების მეურნეობების იმედად ვართ. დიდი ფაბრიკების რაოდენობა 4-5-ს არ აჭარბებს, დანარჩენი მიკროფაბრიკები და ოჯახური მეურნეობებია. მართალია, ბოლო დროს დარგში აზიური ინვესტიციები გაჩნდა, მაგრამ მათი საქმიანობა ფერმერულ მეურნეობებს არ სცილდება", - აცხადებს სვანიძე.

,,ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის"  ინფორმაციით, ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით, 150 ტონამდე ჩაი იწარმოება. ხოლო დაკრეფილი ჩაის ფოთლის მოცულობა 600 ტონას შეადგენს. რაც შეეხება ფართობს, შემორჩენილია მხოლოდ 11 ათას ჰექტრამდე ჩაის პლანტაცია, საიდანაც მხოლოდ 1,700 ჰექტარია პროდუქტიული (დანარჩენ პლანტაციებს რეაბილიტაცია სჭირდება).

თენგიზ სვანიძის გათვლით, 1 ჰა განადგურებული ჩაის პლანტაციის აღდგენა-რეაბილიტაციას მექანიზაციის გამოყენებით 4,5 ათასი ლარი ჯდება. სამუშაოების ხელით შესრულების ხარჯი 7000 ლარამდეც აღწევს. 

შეგახსენებთ, პროექტ „ქართულ ჩაის", სახელმწიფო 2016 წლიდან "ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში დაიწყო. 2019 წელს მისი დაფინანსება 400 ათასი ლარით შემცირდა და სულ 500 ათასი ლარი შეადგინა.