მეორადი ავტომობილებით ვაჭრობა 10%-20%-იანი მოგების მარჟაზე მუშაობს

ავტომობილებით ვაჭრობის ბრუნვამ 2019 წელს 2.7 მლრდ ლარი (ფორმალური სექტორი) შეადგინა. ამის შესახებ აღნიშნულია galt and taggart-ის საავტომობილო ბიზნესის მიმოხილვაში. დოკუმენტის მიხედვით, არაფორმალური სექტორის გათვალისწინებით, ეს მაჩვენებელი 3.9 მლრდ ლარამდე იზრდება. ჩვენი შეფასებით, მეორადი ავტომობილებით ვაჭრობას ავტომობილების ვაჭრობის ფორმალური სექტორის 38% უკავია, ხოლო არაფორმალური სექტორის გათვალისწინებით, ჯამური ბრუნვის 58%.

galt and taggart-ის ანალიტიკოსების შეფასებით, დილერებს მეორად ავტომობილებზე საშუალოდ 10%-იანი საერთო მოგების მარჟა აქვთ, მარჟები განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რამდენად დაზიანებულია იმპორტირებული ავტომობილი და რა ხარჯებთან არის დაკავშირებული მისი შეკეთება. შესაბამისად, მარჟები ცვალებადია და ზოგ შემთხვევაში 15%-ს ან 20%-საც კი აღწევს. აღსანიშნავია, რომ ონლაინ შოპინგის გააქტიურება მარჟებს ამცირებს, რადგან:

1) მომხმარებელი მეტად ინფორმირებულია დილერთან ფასზე მოლაპარაკების დროს 

2) მომხმარებელს საშუალება აქვს ონლაინ შეამოწმოს ავტომობილის ისტორია და შემდეგ გადაწყვიტოს რამდენად შეესაბამება ავტომობილის ღირებულება მის გასაყიდ ფასს.