მშენებლობების ზრდის ტემპი 20%-ით შემცირდა

მშენებლობების ზრდის ტემპი, წინა წელთან შედარებით, 20%-ით შემცირდა.  მიუხედავად იმისა, რომ საბანკო რეგულაციები ცოტათი შემსუბუქდა, ბაზარს ცვლილება დიდად არ ეტყობა. იკლო როგორც ბინების რეალიზაციამ, ასევე სამშენებლო სფეროში დასაქმებულთა რაოდენობამაც. მიმდინარე წლის 2 კვარტლის მონაცემით, სექტორში სამუშაო 4 ათასზე მეტმა ადამიანმა დაკარგა. ბაზრის დანაკარგს როგორც სამშენებლო ბიზნესის წარმომადგენლები, ასევე სპეციალისტებიც ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ბაზარზე ერთიანი ჯაჭვი დაირღვა და უძრავი ქონების სეგმენტთან ერთად დაზარალდა თითქმის ყველა პარალელური ბიზნესი, რომლის საქმიანობაც პირდაპირ თუ ირიბად სამშენებლო ბიზნესზეა დაკავშირებული. შეიძლება ითქვას, რომ ბაზარი შოკიდან ვერ გამოდის.

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2018 წელთან შედარებით, ერთი წლის შემდეგ მშენებლობის სექტორში უმუშევრად 4175 მოქალაქე დარჩა. წინა წლის ბოლო კვარტალთან შედარებით, სექტორი თითქმის 13 ათასი ადამიანით ნაკლებს ასაქმებს. სექტორში ყოველწლიურად, საშუალოდ, 65 ათასი ადამიანი საქმდებოდა. სხვა სფეროებთან შედარებით, გამოირჩეოდა მაღალი ხელფასებითაც. 2014-2017 წლებში მშენებლობის ჯამურად 57%-ით იყო გაზრდილი. 

 დეველოპერების  შეფასებით, სესხის აღების წესის გამკაცრებამ სამშენებლო სექტორზე უარყოფითი გავლენა იქონია და გაყიდვები შეამცირა.

,,აი ჯი ეს ჯგუფის" ხელმძღვანელი შოთა გუჯაბიძე ამბობს, რომ  მოსახლეობის მსყიდვითუნარიანობამ იკლო და ხალხი უძრავ ქონებას ვერ ყიდულობს იმ ტემპით, როგორც ამას რეგულაციების დაწესებამდე ახერხებდა.

,,საბანკო და სამშენებლო რეგულაციები, ასევე ლარის კურსის ცვლილება ბაზრის მდგომარეობასა და გაყიდვებზე მკვეთრად აისახა. დაკრედიტიანება გართულდა და მოქალაქეების მსყიდვითუნარიანობაც დაქვეითებულია. უკანასკნელ შემთხვევაში, გავლენა ინფლაციურმა პროცესებმაც იქონიეს. ზაფხულის სეზონი დასრულდა, ,,ჩავარდნები" ახალ წლამდე როგორმე უნდა ამოქაჩონ. ჯერჯერობით  დადებითი ტენდენცია ვერ გამოიკვეთა. მართალია, სტანდარტი შეიცვალა და ეს კარგია, მაგრამ ხარისხის გაუმჯობესება ბაზარს რამდენიმე წელიწადში შეეტყობა", - განუცხადა გუჯაბიძემ  report.ge- ს.

სამშენებლო სამართლის ექსპერტი უჩა ზაქაშვილი ფიქრობს, რომ საბანკო და შრომის უსაფრთხოების მიმართულებით რეგულაციები გადასახედია. მისი თქმით, უძრავი ქონების ბაზარზე  რისკის მინიმალიზირება და ზარალის აღმოფხვრა მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი.

,,სამსენებლო კომპანიები საკმაოდ რთულ პერიოდს გადიან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მსენებლობები მასიურად მცირდება. ამ მხრივაც ბევრი სადავო საკითხია. ცენტრალურ უბნებში მშენებლობები ნამდვილად არ გვჭირდება, მაგრამ გარეუბნები მეტ-ნაკლებად ვითარდება. ბაზარზე ნეგატიური გავლენა 3 მიზეზით არის გამოწვეული: იპოთეკურ სესხებზე დაწესებული შეზღუდვებით, უცხოელ მოქალაქეებზე უძრავი ქონების შეძენის აკრძალვითა და სავალუტო კურსით. 100-დან 90 ტრანზაქცია იპოთეკური სესხით მტკიცდებოდა. გაყიდვების დიდი წილი უცხოელ მოქალაქეებზე მოდიოდა. ეს სეგმენტი ბაზარს დააკლდა, რამაც გაყიდვებზე იმოქმედა. დიდია ასევე სავალუტო კურსის გავლენაც. ცხადია, გარკვეული ზომებია მისაღები, რომ მდგომარეობა გამსოწორდეს. პრევენციის ერთ-ერთი გზა საბანკო რეგულაციების უფრო მეტად გამარტივებაა. სამშენებლო რეგულაციებს რაც შეეხება, დასახვეწია. რეგულაცია უნდა არეგულირებდეს ბაზარს და ბიუროკრატიას არ უნდა ქმნიდეს. შრომის უსაფრთხოება კარგია, მაგრამ არასწორია, როცა ობიეექტს 3 სტრუქტურა ერთდროულად აკონტროლებს. ქაოტური რეგულაციებია და უნდა დაიხვეწოს, ეს არის გამოსავალი", - აღნიშნა ზაქაშვილმა report.ge-თან საუბრისას.