მშენებლობის მასშტაბით დედაქალაქი ლიდერობს

მშენებლობებზე გაცემული ნებართვების 76,7 პროცენტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, რომელთაგან ლიდერი დედაქალაქია, სადაც სამუშაოების ნახევარზე მეტი შესრულდება. 

გაცემული ლიცენზიების მიხედვით, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 52,8 პროცენტი ქ. თბილისზე, 10,2 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე, 7,0 პროცენტი - იმერეთის რეგიონზე და 6,7 პროცენტი - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე.

ამის შესახებ აღნიშნულია საქსტატის მშენებლობის სექტორის 9-თვიან მიმოხილვაში. 

სტატისტიკის თანახმად, 2020 წლის იანვარ-სექტემბერში დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, 27,3 პროცენტი ქ. თბილისზე, 14,3 პროცენტი - კახეთის რეგიონზე, 10,1 პროცენტი - იმერეთის რეგიონზე, ხოლო 9,8 პროცენტი - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე.

საქართველოში 2020 წლის იანვარ-სექტემბერში გაცემულია 6975 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10,6 პროცენტით ნაკლები) 3925,3 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 30,2 პროცენტით ნაკლები).