მშპ-ს კლების ტემპი მცირდება

წინასწარი მონაცემების მიხედვით, ივნისში დაფიქსირებული წ/წ 7.7%- იანი კლების შემდეგ, ივლისში რეალურმა მთლიანმა შიდა პროდუქტმა (მშპ-მ) დასტაბილურება განაგრძო და წ/წ 5.5%-ით შემცირდა. 

ამის შესახებ აღნიშნულია "თიბისი კაპიტალის" ყოველკვირეულ მიმოხილვაში.

დოკუმენტის მიხედვით, წინა თვესთან შედარებით შემსუბუქებული მშპ-ს კლება ძირითადად გაძლიერებული ფისკალური სტიმულით და შეზღუდვების მოხსნის შემდეგ სექტორების უმეტესობაში ეკონომიკური აქტივობის აღდგენითაა განპირობებული. 

"ეკონომიკის უმეტეს სექტორში ზრდა კვლავ უარყოფითია, თუმცა საქსტატზე დაყრდნობით სამთომოპოვებითი და დამამუშავებელი მრეწველობის სექტორების ზრდა პოზიტიური იყო ივლისში. მშპ-ს ზრდის დინამიკა მეტწილად თანხვედრაშია მოლოდინებთან," - აღნიშნულია "თიბისი კაპიტალის" ყოველკვირეულ მიმოხილვაში.