მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ პროექტის განხორციელება არ შეფერხდეს - ფინანსთა მინისტრი ნამახვანჰესზე“

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი იმედს გამოთქვამს, რომ „ენკას“ მიერ ხელშეკრულების შეწყვეტამდე მოხდება გარკვეული შეთანხმების მიღწევა.

"იმედს გამოვთქვამ, რომ ის პერიოდი, რა პერიოდიც აქვს გაცხადებული კომპანიას ხელშეკრულების შესაწყვეტად, თუ არ ვცდები ეს არის ერთთვიანი პერიოდი, იქნება საკმარისი იმისთვის, რომ კომპანიასთან მოხდეს გარკვეული შეთანხმების მიღწევა და სურვილი არის ის, რომ შეთანხმება გულისხმობდეს, რომ კომპანიამ გააგრძელოს პროექტი და ეს პროექტი დასრულდეს იმ ვადებში, რა ვადებშიც იყო განსაზღვრული. რა თქმა უნდა, პროექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი და შესაბამისად საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, იმისთვის, რომ ამ პროექტის განხორციელების პროცესი არ შეფერხდეს და დადგენილ ვადებში მოხდეს მისი დასრულება“, - განაცხადა ხუციშვილმა.