მთავრობა სასურსათო პროდუქტების ფასს აღარ აზღვევს

მთავრობა სასურსათო პროდუქტების ფასის დაზღვევის მიზნით სუბსიდირებას არ გეგმავს. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა. 

მისი განმარტებით, ამ ეტაპზე მსგავსი ინტერვენციის საჭიროების წინაპირობა არ არსებობს.

„რაც შეეხება პროდუქტების სუბსიდირებას, ჩვენ იმპორტის წახალისება გავაკეთეთ, რადგან არაორდინალური ნაბიჯები იყო გადადგმული მეზობელი ქვეყნების მხრიდან, რაც უკავშირდებოდა ექსპორტების ლიმიტირებას და სხვადასხვა ბარიერს. ასეთი რამ ახლა არ მოიაზრება, ასეთი წინაპირობები ბაზარზე არ არსებობს და შესაბამისად, მსგავსი ტიპის ინტერვენციას ახალ არ ვგეგმავთ“, - აღნიშნა მინისტრმა.

ცნობისთვის, პანდემიის პირველი შემოტევის დროს, 9 სასურსათო პროდუქტზე ფასების ზრდის დაზღვევისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარი გამოიყომ რომლითაც იმპორტიორი კომპანიებისთვის 2020 წლის 15 მარტიდან 15 მაისის ჩათვლით, უცხოურ ვალუტაში (აშშ დოლარი და ევრო) გაწეული ხარჯის სავალუტო კურსით გამოწვეული ცვლილების სუბსიდირება მოხდა ისეთ პროდუქტებზე, როგორებიცაა: ბრინჯი, მაკარონის ნაწარმი, წიწიბურა, მზესუმზირის ზეთი, შაქარი, ხორბალი, ხორბლის ფქვილი, რძის ფხვნილი და ლობიო.