მთავრობამ საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი წამოიწყო

ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, სოფლების ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით მთავრობამ ინტერნეტიზაციის საყოველთაო პროექტი წამოიწყო. პროექტის საშუალებით მაღალხარისხიან ინტერნეტზე წვდომას ნახევარ მლნ-მდე სოფლად მცხოვრები შეძლებს.

„მაღალხარისხიან ინტერნეტზე წვდომა და ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის არსებობა ჩვენი სოფლების განვითარების წინაპირობაა, ამიტომ მთავრობამ 2021-2025 წლებში საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი წამოიწყო, რომელიც მოიცავს 1 000-მდე დასახლებულ პუნქტს სრულიად საქართველოში, იმ სოფლებს, რომლებიც ურბანულ ცენტრებთან დაცილებულია და ჯერ კიდევ მაღალი ხარისხის ინტერნეტზე წვდომა არ აქვთ. ეს არის 0.5 მლნ-ზე მეტი ადამიანი, ვინც ოპტიკურ-ბოჭკოვან ფართოზოლოვან ინფრასტრუქტურაზე წვდომას მიიღებს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის შფასებით, ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია, რომ სოფელს ისეთივე სახის ინფრასტრუქტურა ჰქონდეს, როგორიც ქალაქებშია. ამის შესახებ მან გურიაში, სოფელ ბახვში საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის წარდგენისას განაცხადა.