მთავრობას სასტუმროებისთვის ახალი შეთავაზება აქვს

ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ვითარებიდან გამომდინარე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“დღეიდან ახალ პროგრამას „თანადაფინანსების მექანიზმი საოჯახო, მცირე და საშუალო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისთვის“ განახორციელებს.

როგორც repor.ge-ს ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში საოჯახო, მცირე და საშუალო ტიპის სასტუმროებს კომერციული ბანკების წინაშე ფინანსური ტვირთის შემსუბუქებას და მათ ბაზარზე ოპერირების გაგრძელებას. კერძოდ, აღნიშნულ ინდუსტრიაში მოქმედი იმ მეწარმე სუბიექტებისთვის დახმარება, რომელთაც ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიით გამოწვეული ვითარებიდან გამომდინარე არ აქვთ შესაძლებლობა, უზრუნველყონ კომერციულ ბანკში აღებული სესხის დარიცხული საპროცენტო სარგებლის გადახდა.

განაცხადების მიღება გაგრძელდება 1 მაისამდე

პროგრამის პირობები:

აღნიშნული მექანიზმის ფარგლებში, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს, 2020 წლის 1-ლი მარტიდან მომდევნო 6 თვის განმავლობაში მეწარმე სუბიექტებისთვის სესხზე დარიცხული წლიური სარგებლის თანადაფინანსებას, როგორც აღნიშნული სესხისთვის 2020 წლის 1 მარტამდე წარმოშობილი დარიცხული საპროცენტო სარგებლის დასაფარად ასევე 2020 წლის 1 მარტის შემდეგ წარმოშობილი სასესხო ვალდებულებების დასაფარად.

  1. არაუმეტეს 80 (ოთხმოცი) პროცენტის ოდენობით, ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხის შემთხვევაში;
  2. არაუმეტეს 70 (სამოცდაათი) პროცენტის ოდენობით, უცხოურ ვალუტაში (მხოლოდ დოლარი, ევრო) გაცემული სესხის შემთხვევაში;
  1. 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარს - ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხის შემთხვევაში
  2. 300 000 (სამასი ათასი) აშშ დოლარს - აშშ დოლარში გაცემული სესხის შემთხვევაში
  3. 250 000 (ორასორმოცდაათი ათასი) ევროს - ევროში გაცემული სესხის შემთხვევაში;

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდეთ სააგენტოს მომსახურების ცენტრს ნომერზე: 1525.