ნამახვანჰესთან მიმართებაში მედიაციის პროცესი განახლებულია - დავითაშვილი

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ნამახვანჰესთან მიმართებაში მედიაციის პროცესი განახლებულია და მუშაობა მიმდინარეობს.

მისივე თქმით, პროექტთან დაკავშირებით მთავრობამ საზოგადოებას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა, თუმცა საჭიროებიდან გამომდინარე, კონკრეტულად კი, ვინაიდან ეს საკითხი დაისვა საზოგადოების მხრიდან, მედიაციის პროცესი მიმდინარეობს.

„ასევე პროცესში წარმოდგენილია ეკონომიკის სამინისტრო, არასამთავრობო ორგანიზაციები, მედია გაერთიანება, ასევე ენერგოგაერთიანება. იცით, რომ ენერგოგაერთიანების მედიაციით მიმდინარეობს პროცესი და ჩართულები არიან საზოგადოების დაინტერესებული პირები, ის ადამიანები, რომლებიც ყოველთვის აქტიურობდნენ „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით, ყოველთვის კონკრეტული კითხვები ჰქონდათ და მათ აინტერესებთ უფრო დამოუკიდებელი მოსაზრებები ექსპერტებისგან. ჩვენ რა თქმა უნდა, გვქონდა კონკრეტული პოზიცია, ვმუშაობდით ქართველ ექსპერტებთან პროექტთან დაკავშირებით და ვფიქრობ, საზოგადოებას ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდეთ, თუმცა, ამის მიუხედავად, დარჩა გარკვეული საჭიროება, ყოველ შემეთხვევაში, საზოგადოების მხრიდან საკითხი ასე იყო დასმული, მიმდინარეობს მედიაციის პროცესი. რამდენადაც ვიცი, შერჩეულია ნეიტრალური კომპანიები, ვერ გეტყვით სახელშეკრულებო ნაწილს, ამაზე არ მაქვს ბოლომდე ინფორმაცია. ყოველ შემთხვევაში, ჩვენს ნაწილთან, გარემოს ზემოქმედების შეფასებასთან დაკავშირებით, მიმდინარეობს გარემოს ზემოქმედების შეფასების ანგარიშის დამატებითი შეფასება, უფრო ნეიტრალური მხარის მიერ“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.