ნარინჯისფერი რთველი დასრულდა

2019 წელი საქართველოში მანდარინის განსაკუთრებულად მაღალი ხარისხის მოსავალით გამოირჩეოდა. 

წინასწარი ინფორმაციით, მოსავლის რაოდენობამ 50 ათას ტონას გადააჭარბა, ხოლო ექსპორტმა, გასული წლის სექტემბერ-იანვრის თვეში, 31 ათასი ტონა შეადგინა, რაც 5%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

როგორც report.ge-ს სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, რუსეთში წელს დაექსპორტდა 20.0 ათასი ტონა ციტრუსი, უკრაინაში  - 5.2 ათასი ტონა,  სომხეთში - 4.4 ათასი ტონა, ბელარუსში - 319 ტონა, ყაზახეში - 140 ტონა, ყირგიზეთში  კი- 58 ტონა.

საექსპორტო ქვეყნებს წელს დაემატა სლოვენია, მოლდოვა, ლიეტუვა, პოლონეთი, ყატარი და სინგაპური.

პროდუქციის მაღალი ხარისხი პირდაპირპროპორციულად განაპირობებდა მაღალ საბაზრო ფასს. მანდარინზე საბითუმო ფასი 0.6-დან 2.0 ლარამდე იყო.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, სამრეწველო გადამუშავებისთვის, ქარხნების მიერ მიღებული არასტანდარტული მანდარინის რაოდენობამ, 19 იანვრის მდგომარეობით 10 ათასი ტონა შეადგინა.

როგორც report.ge-ს სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს , წლევანდელი მოსავალის მაღალი ხარისხი დიდწილად განაპირობა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ სახელმწიფოს მიერ გატარებულმა მასშტაბურმა ღონისძიებებმა. ბრძოლის პროგრამის ფარგლებში, ნარგავებში ჩატარდა პრევენციული ღონისძიებები - თერმული ნისლით დამუშავდა ტერიტორიები, რამაც მინიმუმამდე შეამცირა მავნებლის მიერ ციტრუსის კულტურის დაზიანება.