ნათია თურნავა: კორონავირუსის გამოწვევას შესაძლებლობად ვაქცევთ

თუ ყველაფერი იმ გეგმით გაკეთდება, რაც დასახული გვაქვს, ჩვენ შეიძლება, რეალურად ვიყოთ ის სახელმწიფო, რომელიც ერთ-ერთი პირველი დააღწევს თავს კორონავირუსს და ყველას დავასწრებთ, გლობალურ ბიზნესებს ჩვენი პლატფორმა შევთავაზოთ, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

ეკონომიკის მინისტრის პროგნოზით, პანდემიის შემდეგ ეკონომიკა მსოფლიო მასშტაბით შეიცვლება, ტრადიციული ინდუსტრიული რეგიონული ჰაბების გეოგრაფია დაირღვევა და ახალ რეალობაში საქართველოს, თავისი რეფორმატორული მიდგომით, ღია ეკონომიკის, კარგი ბიზნესგარემოსა და მაღალი საერთაშორისო რეიტინგების წყალობით, სრული შესაძლებლობა აქვს, გლობალურ კომპანიებს საკუთარი პლატფორმა შესთავაზოს.

არ არსებობს ისეთი გამოწვევა, რომელიც სწორად დანახვის შემთხვევაში არ აქციო შესაძლებლობად. ჩვენ სწორედ ის მთავრობა ვართ. ახლანდელ პრობლემას ვუყურებთ, როგორ გადავწყვიტოთ და ვუყურებთ სამომავლო შესაძლებლობებს, რომელიც ორ სიბრტყეში დევს. ერთი ის, რომ ბევრი გლობალური კომპანია ალტერნატიული ინდუსტრიული თუ ბიზნესპლატფორმის ძებნას დაიწყებს და ეს ჩვენთვის ძალიან კომფორტული როლია, რადგან საქართველო ბოლო წლებში ცნობილი იყო, როგორც ბიზნესის კეთების მხრივ ერთ-ერთი დაწინაურებული ქვეყანა, სადაც არის ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე ბიზნესგარემო.  ეს არის ჩვენი რეფორმების დამსახურება და ამას გავაგრძელებთ. მეორე, რასაც დავამატებთ, არის ის, რომ დავნერგოთ მექანიზმები, რომლებიც ახალწარმოქმნილ ბიზნესებს დაეხმარება, ჩვენთან შემოვიდნენ. ეს იქნება აპრობირებული მექანიზმები, რომლებსაც საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერა ექნება. უნდა წარმოვაჩინოთ და ვეძებთ ასეთ დარგებს, სადაც ჩვენი საკუთარი რესურსით შევძლებთ, გავზარდოთ წარმოება და იმპორტს შევუქმნათ კონკურენცია“, – განაცხადა თურნავამ და დასძინა, რომ პოსტკრიზისულ სამყაროში წარმოების ალტერნატიულ პლატფორმებზე კონკურენცია გამძაფრდება თუმცა, თუ საქართველო ოპტიმისტური სცენარით წავიდა, მაისის ბოლოდან ბიზნესი ნელ-ნელა ამოქმედებას შეძლებს და, თურნავას გათვლით, საქართველო მოწინავე პოზიციასაც დაიკავებს.

მე მჯერა, რომ თუ ყველაფერი იმ გეგმით გაკეთდება, რაც დასახული გვაქვს, ჩვენ შეიძლება, რეალურად გავხდეთ სახელმწიფო, რომელიც ერთ-ერთი პირველი დააღწევს თავს კორონავირუსს და ყველას დაასწრებს, რომ ბიზნესებს თავისი პლატფორმა შესთავაზოს. ეს არის ერთ-ერთი ის ფაქტორი, რითაც შეგვიძლია და გვაქვს შანსი, სხვებს ვაჯობოთ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.