ნავთობი რეკორდულად გაძვირდა

მსოფლიო ბირჟებზე Brent-ის მარკის ნავთობი გაძვირდა. 

CNBC-ის ცნობით, ფასზე გავლენა ირანელი გენერლის, ყასემ სულეიმანის მკვლელობის შემდეგ ახლო აღმოსავლეთში ვითარების მკვეთრმა გაუარესებამ მოახდინა.

ლონდონში ვაჭრობისას Brent-ის მარკის ნავთობის ფასი წინა დღესთან შედარებით 2,08%-ით გაიზრდა და 70,16 დოლარის ნიშნულს მიაღწია.

ნავთობის ბაზარზე არასტაბილურობას ანალიტიკოსები ასშ-ირანის დაძაბულობას უკავშირებენ.

მათი თქმით, უცნობია, როგორ უპასუხებს ირანი ყასემ სულეიმანის მკვლელობას. 

ცნობისთვის, ბოლოს Brent-ის მარკის ნავთობის 1 ბარელის ფასმა 70 დოლარს 2019 წლის მაისში გადააჭარბა, როდესაც სპარსეთის ყურეში საუდის არაბეთის 2 ნავთობმზიდზე თავდასხმა განხორციელდა.