ნავთობის ფასი იზრდება

ამერიკის ნავთობის ინსტიტუტის (API) მონაცემებით, აშშ-ში ნავთობის მარაგები შემცირდა. ამის ფონზე, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი გაიზარდა. 

Brent-ის ტიპის ნავთობის იანვრის ფიუჩერსების ფასი 0.27%-ით გაიზარდა და ბარელზე 85.02 აშშ დოლარს შეადგენს.

ამავდროულად, WTI-ის დეკემბრის ფიუჩერსების ღირებულება 0.05%-ით არის მომატებული და ბარელზე 84.19 აშშ დოლარად ბარდება.

API-ს მონაცემებით, 5 ნოემბრის დასრულებულ კვირაში ქვეყნის კომერციული ნავთობის მარაგი 2,5 მილიონი ბარელით შემცირდა. 

OPEC +-ის მინისტრებმა, 4 ნოემბერს გამართულ შეხვედრაზე, ერთხმად გადაწყვიტეს გეგმას მიჰყვნენ და ნავთობის მოპოვება დაგეგმილზე მეტად არ გაზარდონ.

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ნავთობზე მოთხოვნის შემცირების გამო, OPEC+-მა გასული წლის მაისიდან მოყოლებული, მოპოვება დღეში 9,7 მილიონი ბარელით შეამცირა.

ვითარების სტაბილიზაციასთან ერთად, ნავთობის მოპოვება მეტ-ნაკლებად აღდგა. 2021 წლის აგვისტოდან ალიანსმა ნავთობის წარმოება ყოველთვიურად 400 ათასი ბარელით გაზარდა.

მას შემდეგ ორგანიზაციის წევრი ქვეყნები ყოველთვიურად იკრიბებიან და მომავალი თვისთვის წარმოების გეგმას განიხილავენ.