ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება გაიზარდა

აფხაზეთის რეგიონის ელექტროენერგიის მოხმარება გაიზარდა ორივე კვარტალში, როცა დანარჩენ საქართველოში მოხმარების მნიშვნელოვანი კლებაა. 

ამის შესახებ აღნიშნულია GALT&TAGGART-ის ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვაში.

დოკუმენტის მიხედვით, აფხაზეთის რეგიონის ელექტროენერგიის მოხმარება 2020 წლის პირველ ნახევარში წლიურად 15.2%-ით, პირველ კვარტალში 8.0%- ით, ხოლო მეორე კვარტალში 27.8%-ით გაიზარდა. დანარჩენი საქართველოსთვის ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდა წლიურად 8.8%-ით 2020 წლის პირველ ნახევარში, 0.7%-ით პირველ კვარტალში და 16.7%-ით მეორე კვარტალში.

"ელექტროენერგიის მოხმარება 2020 წლის პირველ ნახევარში წლიურად 4.5%- ით შემცირდა და 6.1 ტვტ.სთ შეადგინა. ელექტროენერგიის მოხმარების კლება კოვიდ-19-ის პანდემიიდან გამომდინარე დაწესებული შეზღუდვებითაა განპირობებული. კლება ყველაზე საგრძნობი იყო მეორე კვარტალში (-10.7% წ/წ), ხოლო ეკონომიკის სამინისტროს საპროგნოზო ბალანსის მიხედვით 2020 წელი მოხმარების წლიური 5.8%-იანი კლებით დასრულდება,"  - აღნიშნავს GALT&TAGGART-ი.

შეგახსენებთ, საქართველო ოკუპირებულ რეგიონს დენს უფასოდ აწვდის.