პანდემიამ ინვესტორებს რისკის აპეტიტი დაუქვეითა

COVID-19-ით პროვოცირებულმა კრიზისმა და მასთან დაკავშირებულმა გაურკვევლობამ არსებითად შეასუსტა უცხოელ ინვესტორთა რისკის აპეტიტი, განსაკუთრებით, განვითარებადი ქვეყნების მიმართ, რაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საკმაოდ მკვეთრ კლებაში გამოვლინდა. 

რისკის აპეტიტი არის ინვესტორის სტრატეგიის და ბიზნეს-გეგმის მისაღწევად საჭირო წინასწარ შემუშავებული და განსაზღვრული რისკების საერთო დონე რისკის სახეების მიხედვით.

ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდისა (რონდელის ფონდი) და ფრიდრიხ ებერტის ფონდის ეგიდით ჩატარებულ კვლევაში „ანტიპანდემიური შეზღუდვების და მთავრობის ანტიკრიზისული ღონისძიებების გავლენა დასაქმებაზე შემოსავლებსა და სიღარიბის დონეზე საქართველოში“.

2020 წლის პირველ ნახევარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უცხოური კაპიტალის შემოდინება საქართველოს ეკონომიკაში, საქსტატის მონაცემებით, 25.6 პროცენტით შემცირდა, რაც ძირითადად პირველი კვარტალის ხარჯზე მოხდა. 

მეორე კვარტალში მცირედი წლიური მატება აღინიშნა (1 მილიონი აშშ დოლარით), თუმცა პანდემიის ახალიტალღა დიდ საფრთხეს უქმნის ახლო მომავალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადების გაძლიერებას. 

"ასეთ ვითარებაშიც კი საქართველოს აქვს შანსი მიიღოს რეალური სარგებელი ინდუსტრიის გლობალური რედისლოკაციის მიმდინარე პროცესისგან, მით უმეტეს, რომ მას აქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები ევროკავშირთან, ჩინეთთან და ბევრ სხვა ქვეყანასთან. მზადდება ანალოგიური ხელშეკრულება აშშ-სთანაც," - ვკითხულობთ დოკუმენტში.