მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა 1 იანვრიდან სავალდებულო იქნება

მესამე პირის პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა, შესაძლოა, 1 იანვრიდან ამოქმედდეს. საბოლოო მოდელი უკვე შემუშავებულია. კანონი მძღოლებს ეტაპობრივად შეეხებათ.

თუ თქვენ სხვის ავტომობილს, ან სხვა პირის ჯანმრთელობას დააზიანებთ, მატერიალურ ზარალს სადაზღვეო კომპანია აანაზღაურებს, ამისთვის კი, ვალდებული იქნებით, წლიურად გარკვეული თანხა გადაიხადოთ.

ამ კანონპროექტით, საკუთარი მანქანის დაზღვევა ძველებურად არასავალდებულოა, მაგრამ ავტოსაგზაო შემთხვევებში მესამე პირის რისკების დაზღვევა აუცილებელი ხდება.

მანქანები კატეგორიებად დაიყოფა სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით. მფლობელებზე ვალდებულება სწორედ ამის შემდეგ და ამის მიხედვით გავრცელდება. მთავარი კრიტერიუმი მაინც ავტომობილის წლოვანებაა. სავალდებულო დაზღვევა ავტოპარკს ამოქმედებიდან 3 წლის განმავლობაში მოიცავს.

"ჩვენ ჩავატარეთ დიდი საინფორმაციო კამპანია. ყველამ იცის რომ კარგია, თუმცა მაინც სიფრთხილით უდგებიან და თავს იკავებენ. ეს უკვე ადამიანების შეგნების და კულტურის ამბავია. მას შემდეგ, რაც ამ ტიპის დაზღვევა სავალდებულო გახდება, მათ არჩევანი აღარ ექნებათ და ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ ეს კეთდება უსაფრთხოებისთვის. საქართველოში მოქმედი ყველა სადაზღვეო კომპანია ერთ პოლისს გასცემს, ყველა ერთ პასუხისმგებლობას იღებს, სერვისი სტანდარტულია, სადაზღვეო პოლისი ერთი ხელიდან გაიყიდება," - გვიხსნის ამგვარი დაზღვევის ამოქმედების ინიციატორი და სადაზღვევო კომპანიების ასოციაციის ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი.

კანონპროექტის მიხედვით, სავალდებულო დაზღვევის ფასები იქნება:

კანონით განსაზღვრული იქნება ჯარიმებიც, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის გარეშე გადაადგილებისთვის მძღოლს დაეკისრება.

მოტოციკლის, მსუბუქი ავტომობილის, სასოფლო–სამეურნეო და სპეციალიზებული თვითმავალი მანქანის ან მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი დაზღვევის არ არსებობის შემთხვევაში 100 ლარით დაჯარიმდება. 

ავტობუსის (რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა 8-ს აღემატება) ან სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების (რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3 500 კგ-ს) მძღოლის მიერ სამართალდარღვევა კი, 200-ლარიან ჯარიმას გამოიწვევს.

ამასთან, მძღოლს ჯარიმასთან ერთად, სავალდებულო დაზღვევის შესაძენად 72-საათიანი ვადა მიეცემა და თუ ამ ვადაში მძღოლის სამოქალაქო პასუხისმგებლობა კვლავ დაუზღვეველი იქნება, ის მეორედ დაჯარიმდება.

როგორც Report.ge - ს სადაზღვევო კომპანიების ასოციაციის ხელმძღვანელი Report.ge-ს განუმარტავს, რომ სავალდებულო დაზღვევაში ჩართულია ყველა სადაზღვეო კომპანია, რომლებსაც ავტოდაზღვევის სფეროში გამოცდილება აქვთ.

"კანონში ჩადებულია ნორმა და ავტომფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის სისტემაში დაშვება აქვთ მხოლოდ იმ კომპანიებს, რომლებსაც გარკვეული გამოცდილება აქვთ ავტოდაზღვევაში. პროექტი პარლამენტს განსახილველად უკვე წარდგენილი აქვს და კანონმდებლები კომიტეტებში მსჯელობენ ამ საკითხზე. დანარჩენი ყველაფერი - კანონის მიღება, არმიღება, თუ კანონის მიღების და ამოქმედების ვადა კანონმდებელზე იქნება დამოკიდებული," - გვითხრა ხეჩინაშვილმა.