პენსიონერთა საპროცენტო განაკვეთის შემცირების საკითხზე მუშაობა უკვე დაწყებულია - ზარქუა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ზარქუა პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატის, გიორგი ვაშაძის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პენსიონერთა საპროცენტო განაკვეთის შემცირების საკითხზე მუშაობა უკვე დაწყებულია და უახლოეს დღეებში „ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენლებისგან შემოთავაზებებს ელოდებიან.

„გუშინ, პენსიონრების თემაზე, 5 ქალბატონი მოიყვანა. ოთხი მერე ჩვენ ჩაგვეხუტა, მადლობა სიმართლისთვისო, პოპულისტებთან რატომ მოვედითო. ახლა გაბოროტებული ეცა კახი კალაძეს და სიცრუის ტირაჟირება დაიწყო. გახსოვთ 2012 წელს პირადობები, რომ გააყალბა და ბიძამისი რომ დარბოდა, არ დაიჭიროთო, აი ეს ტიპია", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ გიორგი ვაშაძის განცხადების პასუხად.