ციფრული განვითარების ეპოქაში, სმარტფონის შეძენისას, ყველაზე მნიშვნელოვანი თუ არა, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დეტალი არის კამერა. განახლებული ფლაგმანის წარმოდგენისას, სმარტფონის მომხმარებლები, ყოველთვის დიდი ინტერესით ელოდებიან, კამერის გაუმჯობესებულ პარამეტრებს. თუმცა, ალბათ საკუთარი თავიც შეგიმჩნებიათ, რომ უამრავი სამახსოვრო ფოტო, ციფრულ მარადისობაში, უკვალოდ მივიწყებული გაქვთ ხოლმე. ფოტოების ბეჭდვის სერვისის მისაღებად კი, უმეტესად კონკრეტულ ლოკაციაზე მისვლა გჭირდებათ. თქვენ ახლა კიდევ ერთი საშუალება გექნებათ, სახლიდან გაუსვლელად დაბეჭდოთ, მნიშვნელოვანი მომენტები. ამისთვის Polaroid-მა, კომპაქტური პრინტერი გამოუშვა, რომელიც ფოტოებს პირდაპირ სმარტფონიდან ბეჭდავს. Polaroid Lab - ასე ჰქვია მოწყობილობას, რომელზეც მობილური მოწყობილობა მაგრდება, შერჩეული ფოტო კი Polaroid-ისათვის დამახასიათებელი ვიზუალით მომენტალურად იბეჭდება. სამი ლინზის მეშვეობით, პრინტერი შერჩეულ ციფრულ ფოტოს პირდაპირ მობილური ტელეფონის ეკრანიდან აფიქსირებს, მას ახალ ფოტოს უღებს, ფირის აპარატის სტანდარტების შესაბამისად აკონვერტირებს მას და ბეჭდავს.