რა იცვლება ენერგოსისტემაში კომპანიების თავისუფალ ბაზარზე გასვლით

მსხვილი კომპანიების თავისუფალ ენერგეტიკულ ბაზარზე გასვლის პროცესი თანმიმდევრულად გრძელდება. ამ ეტაპზე 16-მდე კომპანიაა, რომელსაც  შესაძლებლობა აქვს, ელექტროენერგია საბაზრო ფასად შეისყიდოს. 

ამის შესახებ report.ge-ს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში განუცხადეს. უწყების ინფორმაციით, თავისუფალ ბაზარზე გასვლა შეამსუბუქებს ელექტროენერგიის საცალო მომხმარებლის ტარიფზე დატვირთვას, რაც თავის მხრივ მთავრობას საშუალებას მისცემს საყოფაცხოვრებო მომხმარებლისა და მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად მეტი დაცვის მექანიზმები აამოქმედოს. 

შეიძლება ითქვას, რომ ამით საქართველოში ენერგეტიკული ბაზრის დერეგულირების ახალი ეტაპი დაწყებულია. მსხვილი ინდუსტრიული მომხმარებლები თუ აქამდე  ელექტროენერგიას ფიქსირებულ ფასად ყიდულობდნენ გამანაწილებელი კომპანიებისგან, რეფორმა მათ აძლევს საშუალებას, საჭირო ელექტროენერგია თავისუფალ ბაზარზე საბაზრო ფასად შეისყიდონ.

სემეკის წევრის გიორგი ფანგანის  თქმით, რეფორმა გაგრძელდება ეტაპობრივად, რისი მიზანიც ბაზრის უფრო მეტად ლიბერალიზაციაა. 

,,ომპანიების გარკვეული ნაწილი თავისუფალ ბაზარზე გასულია და რიგში კიდევ რამდენიმეა, პროცესი გრძელდება. მომავალში მნიშვნელოვნად შეეწყობა ხელი ენერგეტიკული სექტორის განვითარებას. სამწუხაროდ, დღევანდელი წარმოების განვითარების ტემპი არ არის დამაკმაყოფილებელი, გარკვეული პრობლემაა, რადგან დენის მოხმარება იზრდება, იაფი ენერგიის წყარო კი ბევრი არა გვაქვს. ცვლილება მიმართულია იქითკენ,  რომ ენერგეტიკული ბაზარი გაჯანსაღდეს და ფასების ზრდა ავიცილოთ. გრძელვადიან პერსპექტივაში ძალიან კარგი რეფორმაა, რომელიც ხელს შეუწყობს დიდი მომხმარებლებისთვის კონკურენტული გარემოს შექმნას, ამ მოდელზე ეტაპობრივად გადავალთ. იქნება ბაზრის ოპერატორი, ბირჟა და ყველა ის ელემენტი, რომელსაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება გვავალდებულებს", - განაცხადა ფანგანმა. 

მისი ინფორმაციით, მომავალში როგორც იურიდიულ, ასვე ფიზიკურ პირებსაც შეეძლებათ  გამანაწილებელი კომპანიებისგან ელექტროენერგიის ყიდვა მათთვის მისაღები ფასითა და გადახდის პირობებით. 

,,კონცეფციის ჩამოყალიბებაზე მუშაობს ეკონომიკის სამინისტრო და განისაზღვრება კრიტერიუმები  - სიმძლავრე,მოხმარების ოდენობა, მისაერთებელი ძაბვა და სხვა, რაცთავისუფალ ბაზარზე გასასვლელად არის საჭირო. ვაჭრობის ეს ფორმა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ევროპული სტანდარტის ენერგეტიკულ ბაზრისთვის, რომელიც უკვე საქართველოშიც ინერგება", - აცხადებს გიორგი ფანგანი.

ამ ეტაპზე მსხვილი საწარმოს კრიტერიუმებში მოექცნენ ის კომპანიები, რომლებიც თვეში არანაკლებ 5 მილიონ კილოვატ საათს მოიხმარენ: „ჭიათურმანგანუმი“, „ჯეოსთილი“, „RMG COPPER“, „ჰაიდელბერგცემენტი“, „რუსთავის ფოლადი“, შპს „რუსელოის“, რუსთავის „აზოტი“, „ჯითიემ გრუპი“, შპს „აითილებ“, „ბლოქ ფაუერი“ და სხვები.