რა სანქციები იმოქმედებს გაზის დანადგარების უსაფრთხოების დარღვევისთვის

სავალდებულო სავენტილაციო და საკვამლე არხის გარეშე ბუნებრივი გაზის დანადგარის გამოყენებისთვის მომხმარებლებს ჯარიმა დაეკისრებათ. ფიზიკურ პირებს სანქცია 50 ლარის ოდენობით დაუწესდებათ, ხოლო იურიდიულ პირებსა და საჯარო დაწესებულებებისთვის ჯარიმა 500 ლარს ითვალისწინებს. გაზის ექსპლუატაციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რეგულაციები 1 ნოემბრიდან ამოქმედდება. რაც შეეხება უშუალოდ სანქციების ნაწილს, როგორც ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, მისი ამოქმედება 2021 წლიდან არის ნავარაუდევი. 

რეგულაციების მიხედვით, დაუშვებელია საცხოვრებელ ადგილას ბუნებრივი გაზის ისეთი დანადგარით სარგებლობა, რომლის განთავსება ამ ადგილას დაუშვებელია, ასევე თვითნაკეთი ან შესაბამისობის სერტიფიკატის არმქონე ბუნებრივი გაზის დანადგარის გამოყენება ისეთი მილგაყვნილობის მეშვეობით, რომელიც  ბუნებრივი გაზის გატარებისათვის არ არის განკუთვნილი. დარღვევად ითვლება აგრეთვე ბუნებრივი გაზის დანადგარის გამონაბოლქვისთვის ისეთი არხის გამოყენება, რომელიც არ არის საამისოდ განკუთვნილი ან ბუნებრივი გაზის დანადგარის ექსპლუატაციაში სავალდებულო სავენტილაციო/საკვამლე არხის გარეშე გამოიყენება. ასეთ შემთხვევაში ფიზიკური პირებისთვის ჯარიმა 50 ლარია, იურიდიული პირებისთვის ეს მაჩვენებელი 500 ლარს შეადგენს. ხოლო აღნიშნული დარღვევების განმეორებით ჩადენა, ასევე უსაფრთხოების მოთხოვნების გამო გამორთული მომხმარებლის გაზმომარაგების თვითნებური აღდგენა ან ბუნებრივი გაზის შიდა ქსელზე ისეთი ხელსაწყოს გაზმომარაგების თვითნებური აღდგენა, რომელიც გაუმართაობის გამო იყო ჩახსნილი/გამორთული – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, იურიდიული პირისა და საჯარო დაწესებულების დაჯარიმებას – 1500 ლარის ოდენობით.

პროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ბუნებრივი გაზის სექტორში მწვავედ დგას გაზდანადგარებისა და ქსელის განთავსების, ასევე მათი ექსპლუატაციის პრობლემა. 

"გაზდანადგარების არასწორი განთავსებისა და ექსპლუატაციის, თვითნაკეთი, კუსტარული დანადგარებით სარგებლობის, სავენტილაციო არხების არასწორი გამოყენებისა და უსაფრთხოების წესების სხვა დარღვევების გამო ნახშირბადის მონოქსიდით (CO) მომხმარებელთა მოწამვლის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა. ასევე, ადგილი ჰქონდა ბუნებრივი გაზის გაჟონვის, დაგროვებისა და აფეთქების ფაქტებს. შესაბამისად, კანონპროექტის მიზანია ბუნებრივი გაზის მომხმარებელთა მიერ გაუმართავი შიდა ქსელის ექსპლუატაციით გამოწვეული უბედური შემთხვევების თავიდან აცილება," - ვკითხულობთ განმარტებით ბარათში.