რამდენს ხარჯავენ ქვეყნები კვლევა-განვითარებაზე

მსოფლიო ბანკის განვითარების ინდიკატორებს (World Development Indicators) შორის ერთ-ერთია კვლევა-განვითარებაზე გაწეული დანახარჯები მშპ-სთან მიმართებით, რაც მოიცავს ყველა რეზიდენტი კომპანიის, კვლევითი ინსტიტუტის, უნივერსიტეტისა და სახელმწიფოს მიერ R&D-ზე გაწეულ მთლიან დანახარჯებს. ბოლო მონაცემებით, მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით კვლევა-განვითარებაზე გაწეული დანახარჯების მიხედვით ლიდერობს ისრაელი (4.95%), სამხრეთ კორეა (4.81%), შვედეთი (3.34%), იაპონია (3.26%) და ავსტრია (3.17%).  ევროკავშირის ქვეყნები საშუალოდ მთლიანი შიდა პროდუქტის 2.18%-ს ხარჯავენ კვლევა-განვითარებაზე, OECD-ის წევრი ქვეყნები - საშუალოდ 2.58%-ს, ხოლო, ევროპისა და ცენტრალურ აზიის ქვეყნები - საშუალოდ 1.98%-ს.

რაც შეეხება, საქართველოს, კვლევა-განვითარებაზე (R&D) გაწეული დანახარჯები საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 0.3%-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან შედარებით დაბალია, თუმცა აჭარბებს რეგიონის ქვეყნების - სომხეთის, აზერბაიჯანის, მოლდოვასა და ცენტრალური აზიის ქვეყნების შესაბამის მაჩვენებელს.

ცნობისთვის, კვლევა-განვითარებაში (R&D) ჩადებული ინვესტიცია როგორც წესი მიმართულია ინოვაციების, ახალი პროდუქტების შექმნის, არსებული ცოდნის გაღრმავებისა და პროდუქტიულობის გასაზრდელად, აღნიშნული ასევე უწყობს ხელს კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და გრძელვადიან პერიოდში ამონაგების ზრდას. კვლევა-განვითარებაზე გაწეული დანახარჯები მაკრო დონეზე ხელს უწყობს რესურსების ოპტიმალურ ხარჯვას, პროდუქტიულობისა და კონკურენტუნარიანობის ზრდას და ტექნოლოგიურ პროგრესს, შესაბამისად, აჩქარებს პოტენციურ ეკონომიკურ ზრდას.