რას ემყარება სებ-ის სავალუტო ინტერვენცია

ეროვნული ბანკი ინტერვენციებს აგრძელებს. დღეს სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. ფინანსისტების შეფასებით, იმის გამო, რომ სავალუტო ბაზარზე პროცესი გაუმჭვირვალეა, ინტერვენციების კონკრეტული მიზეზი უცნობია. თუმცა, როგორც ფინანსური ბაზრის მკვლევარი, ვახტანგ ხომიზურაშვილი აღნიშნავს, შესაძლოა, იგი კურსის გამყარების მცდელობით  ან სპეკულაციური ფაქტორის ჩახშობის მიზნით იყოს განპირობებული.

,,როგორც წესი, ინტერვენცია კეთდება, როცა კომპანიების მხრიდან არის მოთხოვნა დოლარის შეძენაზე პროდუქციის შემოსატანად. ამ ეტაპზე ამის წინაპირობა არ არსებობს, რადგან მოხმარება დაეცა და იმპორტიც შემცირებულია. ასეთ შემთხვევაში ბიზნესიდან დოლარზე მოთხოვნა ნაკლებად სავარაუდოა. ბოლო წლებში ეროვნული ბანკის ინტერვენციები და სავალუტო სტრატეგია გაუგებარია. ის ხშირად ქაოტურად მოქმედებს - კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე, რომელიც მხოლოდ მისთვის არის გასაგები. ამდენად, ეროვნული ბანკის ქმედებებზე კომენტარი რთულია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ინტერვენციით სებ-ი ცდილობდეს ლარის კურსის მერყეობის შერბილებას და ამასთან, სპეკულაციური მომენტის ჩახშობას ითვალისწინებდეს, რა თქმა უნდა, თუკი ასეთი შემთხვევა იყო. თუმცა ქვეყნის ცენტრალური ბანკის ქმედებებში კურსის გამყარებისკენ მიმართულ ქმედებებს ყველაზე ნაკლებად ვხედავ. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სრული სავალუტო ბაზარზე შექმნილი მდგომარეობის სურათი არ გვაქვს - ,,ბლუმბერგის" სისტემა ამის საშუალებას არ იძლევა, რაც კურსის არაპროგნოზირებას და ნეგატიურ მოლოდინს ამყარებს", - განმარტავს report.ge-თან ვახტანგ ხომიზურაშვილი.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკის მხრიდან წელს ეს უკვე რიგით მეცხრე სავალუტო ინტერვენციაა. ცენტრალურმა ბანკმა 2020 წელს სავალუტო რეზერვებიდან, დღევანდელი აუქციონის ჩათვლით, 240 მილიონი დოლარი გაყიდა.