რას უკავშირდება ბიზნესის ბრუნვის ზრდა პირველ კვარტალში

ეკონომისტების შეფასებით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში წარმოების ტემპი და ბიზნესის ბრუნვის დონე ინერციით მატულობდა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 13.5 პროცენტით გაიზარდა და 26.0 მილიარდი ლარი შეადგინა. გარდა იმისა, რომ წლის დასაწყისში ბიზნესის ბრუნვა სადღესასწაულო პერიოდის გამო ტრადიციულად ზრდადი ტენდენციით გამოირჩევა, როგორც ეკონომისტი რამაზ გერლიანი განმარტავს, კორონავირუსის გავრცელების პანიკამაც გაყიდვებზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა და მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა, რაც საბოლოოდ ოფიციალური სტატისტიკითაც დადასტურდა.

,,2020 წლის პირველ კვარტალში ბიზნესი პრაქტიკულად არ იყო არაფერი გაჩერებული, თანაც ახალ წელთან დაკავშირებით წარმოების ტემპი და რეალიზაცია მაღალი აქტიურობით გამოირჩეოდა. ტრენდი შენარჩუნდა თითქმის მარტის ჩათვლით, ფაქტობრივად, ყველაფერი მუშაობდა. ამას დაემატა covid-19-ის გამო პროდუქტის დეფიციტის პანიკური შიში, ასევე ბანკების მიერ სესხების გადავადება და ვნახეთ, რომ სავაჭრო ობიექტებში რიგები დადგა და ბიზნესი მოთხოვნას ვერ აუდიოდა. შედეგად, თუკი მარკეტები ვაჭრობდნენ პირობითად,  დღე-ღამეში 5 000 ლარს, მათი დღიური სავაჭრო ბრუნვა 3,5-ჯერ გაიზარდა და 18 000 ლარს მიაღწია. ლოგიკურია, რომ ამ შემთხვევაში ბიზნესის ბრუნვა სტატისტიკური მონაცემითაც მაღალ დონეზეა გაზრდილი", - განმარტავს გერლიანი. 

რაც შეეხება წარმოების რესურსის განაწილების საკითხს, როგორც ეკონომისტი აღნიშნავს, მცირე ბიზნესი დასაქმების დიდ მასას მოიცავს, მაგრამ მომგებიანობითა და დოვლათის სიდიდით მოწინავე პოზიციაზე ყოველთვის მსხვილი ბიზნესია. რაც შეეხება სამომავლო ტენდენციას, გერლიანის ვარაუდით, მეორე კვარტალში, რადგან ეკონომიკა დიდწილად გაჩერებული იყო,  წარმოება გეზს კლებისკენ აიღებს და ბიზნესის ბრუნვის მკვეთრი კლებაა დაფიქსირდება. 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, პირველ კვარტალში ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. კერძოდ, მისი მოცულობა 10.3 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 8.4 პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.