რას ვყიდით და ვყიდულობთ თურქეთში

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 9 193.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.5 პროცენტით მეტია. საქართველოსთვის თურქეთი უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად რჩება. ამ ქვეყანასთან სავაჭრო ბრუნვის მოცულობამ საანგარიშო პერიოდში 1 293.8 მლნ დოლარი შეადგინა.

2019 წლის იანვარ-ივლისში, საქართველოდან თურქეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფი ტრიკოტაჟის ნაწარმი იყო, რომლის ექსპორტმაც 27 345 200 დოლარი შეადგინა. მას მოსდევს ნახევარფაბრიკატები ნახშირბადიანი ფოლადისაგან - 23 449 200 დოლარით, მე-3 ადგილზე გავიდა სპილენძის მადნები და კონცენტრატები, რომლის ექსპორტიც 13 750 200 დოლარი იყო, მე-4 ადგილზეა ფეროშენადნობები - 13 197 000 დოლარი. მე-5 ადგილზე კი 9 541 400 დოლარით კოსტუმები, კომპლექტები, მამაკაცის ნაქსოვი ტრიკოტაჟი გავიდა.

რაც შეეხება იმპორტს, 2019 წლის იანვარ-ივლისში უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფი დაფასოებული მედიკამენტები იყო, რომლის იმპორტმაც 64 416 700 დოლარი შეადგინა. მას მოსდევს 49 207 200 დოლარით მსუბუქი ავტომობილები, მე-3 ადგილზე კი შავი ლითონების მეტალოკონსტრუქციები გავიდა, რომლის იმპორტმაც 31 585 400 დოლარი შეადგინა. მე-4 ადგილზეა შავი ლითონების მილები და მილაკები 28 742 600 დოლარით ხოლო ხუთეულს იზოლირებული მავთულები, კაბელები ასრულებს, რომლის იმპორტმა 28 269 200 დოლარი შეადგინა.