რეაბილიტირებულია 1 192 ჰექტარი ჩაის პლანტაცია

სახელმწიფოს მხარდაჭერით, გურიის, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში 1 192 ჰექტარ ფართობზე ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია განხორციელდა.

ჩაის რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა 2016 წლიდან მოქმედებს და როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, მასში ჩართულია 39 ბენეიფიციარი.

პროგრამა „ქართულ ჩაიში“ სახელმწიფოს თანადაფინანსება 2 მლნ ლარს აჭარბებს.

ჩაის სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებებია, გაიზარდა სარეაბილიტაციო სამუშაოების დაფინანსების ოდენობები. კოოპერატივების შემთხვევაში, სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსება გაიზარდა 90%-მდე და შეადგენს ერთ ჰექტარზე 3 ათას ლარს, ხოლო დანარჩენი ბენეფიციარებისთვის თანადაფინანასება იქნება, მაქსიმუმ, 70% და შეადგენს 2 500 ლარს.

პროგრამა ითვალისწინებს აგროტექნოლოგიური გეგმის შედგენას, რომელიც ბენეფიციარმა თანადაფინანსების ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღიდან 36 თვის განმავლობაში უნდა შეასრულოს.