რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაიზრდება

არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკებმა“ ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. 

ანგარიშის თანახმად, 2021 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 169700 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით, 10.5-მდე გაიზარდა. დღესდღეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 8392 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული.

1 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე, ცვლად საპროცენტო განაკვეთში გაცემული სესხების რაოდენობა გაზრდილია 6200 ხელშეკრულებით, ხოლო მთლიანი პორტფელი - 8289.5 მილიონიდან 8392 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

169700 ხელშეკრულებიდან 67400 სამომხმარებლო ტიპის სესხია, მოცულობა კი 1072 მილიონი ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხების საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 1 ნოემბრის მდგომარეობთ 15.12% შეადგინა.

რაოდენობრივად მეორე ადგილზეა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე 1 ნოემბრის მონაცემებით, 64900 სესხია მიბმული, საშუალოდ 12.37%-ში. მთლიანი პორტფელი კი 2892 მილიონი ლარია.

33500 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს სესხების გასაცემად, რაც 1 ოქტომბერთან შედარებით 700-ით მეტია. მთლიანი პორტფელი 4311 მილიონი ლარია. აქედან მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 1199 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 14.57%-ში. ხოლო მსხვილი ბიზნესი კი 1 ნოემბრის მონაცემებით 3111.5 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 14.03%-ში.

ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ 1 ნოემბრის მონაცემებით 700 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 16.9 მლნ ლარი ბანკებმა საშუალოდ 20.59%-ში გაასესხეს.

ასევე გაცემულია 3100 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 89.4 მილიონი ლარია.

1 ნოემბრის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 41.6%-ია. მათ შორის ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი სამომხმარებლო სესხზე - 26.32%.

1 ნოემბრის მდგომარეობით, გაზრდილია როგორც სასესხო პორტფელი, ისე ხელშეკრულებების რაოდენობა. შემცირებულია საპროცენტო განაკვეთი უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ სესხებზე 13.44% -დან 10.9%-მდე.