რეგიონის ვალუტებიდან ლირა, ლარი და მანათი გაუფასურდა

თებერვალში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ საშუალოდ 3.2973- დან 3.3092-მდე (0.4 პროცენტით) გაუფასურდა, ხოლო ევროს მიმართ საშუალოდ 4.0186-დან 4.0024- მდე (0.4 პროცენტით) გამყარდა. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) თებერვლის თვის მიმოხილვაშია აღნიშნული. სებ-ის ინფორმაციით, თებერვალში ლარი/დოლარის გაცვლითი კურსის მაქსიმალურმა მნიშვნელობამ - 3.3265, ხოლო მინიმალურმა 3.2888 შეადგინა. შესაბამისად, თვის განმავლობაში საშუალო კურსიდან მაქსიმალური გადახრა 0.5 პროცენტი, ხოლო მინიმალური -0.6 პროცენტი დაფიქსირდა. 

საერთაშორისო სავალუტო ბაზრებზე დოლარი ევროს მიმართ საშუალოდ - 0.8 პროცენტით, სომხური დრამის მიმართ - 0.3 პროცენტით, თურქული ლირისა და აზერბაიჯანული მანათის მიმართ 0.1 პროცენტით გამყარდა, ხოლო რუსული რუბლის მიმართ კი პრაქტიკულად უცვლელი დარჩა.

"წინა თვესთან შედარებით ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი - 0.8 პროცენტით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 1.0 პროცენტით გაუფასურდა. წლიურად, ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი - 12.2 პროცენტით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 10.8 პროცენტით გაუფასურდა. სავაჭრო პარტნიორთაგან თებერვალში წლიური ინფლაცია საქართველოში დაფიქსირებულ 3.6 პროცენტზე მაღალი იყო თურქეთში 15.6 პროცენტი, ბელორუსში - 8.6 პროცენტი, უკრაინაში - 7.5 პროცენტი, რუსეთში - 5.7 პროცენტი, სომხეთში - 5.3 პროცენტი, აზერბაიჯანში - 4.2 პროცენტი, ხოლო დაბალი იყო აშშ-ში 1.7 პროცენტი და ევროზონაში - 0.9 პროცენტი," - აღნიშნულია მიმოხილვაში.