გვენეტაძე: რეგიონში საპროცენტო განაკვეთები ყველაზე დაბალი საქართველოშია

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი უსაფუძვლოს უწოდებს კრიტიკას იმის თაობაზე, რომ თითქოს საქართველოში საპროცენტო განაკვეთები სესხებზე უპრეცედენტოდ მაღალია და ის საქართველოში იგივე უნდა იყოს, რაც ევროპაშია.

კობა გვენეტაძე სოციალურ ქსელში  განმარტავს, რომ საპროცენტო განაკვეთის ფორმირებაში ბევრი ფაქტორი მონაწილეობს, როგორებიცაა, რეგიონის რისკი, პოლიტიკური სტაბილურობა, სტაბილური ეკონომიკური ზრდა, დაბალი და სტაბილური ინფლაცია და სხვა.

„საპროცენტო განაკვეთების მყისიერად შემცირება ევროპული საპროცენტო განაკვეთის დონეზე შეუძლებელია და უხეში და ყოვლად დაუშვებელი ჩარევის გარეშე, გამორიცხული. ეს არის გრძელვადიანი პროცესი. აღსანიშნავია, რომ საქართველოში საპროცენტო განაკვეთები რეგიონში ყველაზე დაბალია. ამავე დროს, გრძელვადიან პერიოდს თუ შევხედავთ, მათ შემცირების ტენდენცია აქვთ და ეს პროცესი გაგრძელდება. ამავე დროს, საპროცენტო განაკვეთის ფორმირებაზე მონეტარული პოლიტიკის საპროცენტო განაკვეთიც ახდენს გავლენას, რასაც ეროვნული ბანკი ინფლაციის პროგნოზის გათვალისწინებით განსაზღვრავს. ეს საკითხი რომ შევაჯამო, „ხმები საქართველოში საპროცენტო განაკვეთის ევროპულ საპროცენტო განაკვეთებთან სასწრაფო და უპირობო გათანაბრებასთან დაკავშირებით მეტისმეტად გაზვიადებულია“, - აცხადებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.