როგორ მუშაობს ელექტროენერგიის ბაზრის დერეგულირების გეგმა

პირველ კვარტალში მომხმარებელთა ცალკეულ კატეგორიებში მოხმარების ტენდენციები საკანონმდებლო ცვლილებებიდან გამომდინარეობს. 

ამის შესახებ აღნიშნულია GALT&TAGGART-ის ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვაში.

დოკუმენტის მიხედვით, კვალიფიციური (პირდაპირი მომხმარებლები) საწარმოების მოხმარება 2020 წლის პირველ კვარტალში წლიურად 52.8%-ით გაიზარდა, რასაც სპეციალისტები ამ ჯგუფში ახალი კომპანიების დამატებით ხსნიან. მათივე განმარტებით იმავე მიზეზით აიხსნება დისტრიბუციის ლიცენზიანტების მოხმარების წლიური 11.2%-იანი შემცირება. 

ამ ჯგუფიდან ყველაზე მეტად ენერგო-პრო ჯორჯიას მოხმარება შემცირდა (-17.2% წ/წ), რადგან მისი აბონენტების გარკვეული ნაწილი პირდაპირ მომხმარებლად დარეგისტრირდა.

შეგახსენებთ, რომ ბაზრის დერეგულირების გეგმის ფარგლებში, რომელიც 2018 წლის მაისიდან დაიწყო, ყველა კომპანია, რომელთა საშუალო თვიური ელექტროენერგიის მოხმარება აღემატებოდა 5 გვტ.სთ-ს სავალდებულო წესით დარეგისტრირდა პირდაპირ მომხმარებლად. შედეგად, პირდაპირი მომხმარებლების რიცხვი გაიზარდა 2-დან 15-მდე. ამასთან, მათი წილი ქვეყნის მთლიან მოხმარებაში გაიზარდა და თუ 2018 წლის პირველ ნახევარში (დერეგულირების დაწყებამდე) 12.7%-ს შეადგენდა, 2020 წლის პირველ ნახევარში კი 21.4%-ს მიაღწია.

ცნობისთვის, 2020 წლის მეორე კვარტალში ელექტროენერგიის მოხმარება 10.7%-ით შემცირდა. GALT&TAGGART-ის შეფასებით, შემცირება ძირითადად პანდემიით გამოწვეულ შეზღუდვებს და შემცირებულ ეკონომიკურ აქტივობას უკავშირდებოდა. 

ყველაზე მეტად თელასის მოხმარებამ დაიკლო, წლიურად 21.2%-ით. შემცირდა პირდაპირი მომხმარებლების ელქტროენერგიის მოხმარებაც (წლიურად 16.2%-ით), რაც, პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გარდა, უკავშირდება კრიპტობიზნესით დაკავებული ზოგიერთი კომპანიის დაკლებულ აქტივობას.