როგორ ნაწილდება სატვირთო გადაზიდვები ევროპაში

ევროპის კომისიის 2020 წლის შემაჯამებელი ანგარიშის თანახმად,  ევროპის კავშირში სატვირთო გადაზიდვების უზრუნველყოფაში ტრანსპორტის სახეობებს შორის განაწილება მნიშვნელოვნად არ შეცვლილა 2008 წლის შემდეგ.

ანგარიშის ანალიზს report.ge-სთან სარკინიგზო საკითხების ექსპერტი დავით გოჩავა აკეთებს.

მისი განმარტებით, 2018 წელს ევროპის კავშირის საგარეო ვაჭრობის განხორციელების დროს საზღვაო ტრანსპორტი იყო დომინანტური სახეობა, რომელმაც უზრუნველყო ექსპორტის და იმპორტის ღირებულებითი მოცულობის 46.7 %-ის მომსახურება, შემდეგია საჰაერო ტრანსპორტი (20.6 %) და საავტომობილო ტრანსპორტი (20.4 %). 

რაც შეეხება ვაჭრობას ევროპის კავშირის შიგნით, 2018 წელს საზღვაო ტრანსპორტზე მოდიოდა გადაზიდვების მთლიანი მოცულობის 29.2 % (2008: 25,9 %), მაშინ როცა საავტომობილო ტრანსპორტი მოემსახურა სატვირთო გადაზიდვების ნახევარს (51 %, რაც ოდნავ აღემატება 2008 წლის მაჩვენებელს). სარკინიგზო სატვირთო გადაზიდვების წილი უმნიშვნელოდ შემცირდა 13.2 %-დან 2008 წელს, 12.6 %-მდე - 2018 წელს. შისა წყალსავალი გზებით გადაზიდვების მოცულობა უმნიშვნელოდ შემცირდა 4.6 %-დან 3,9 %-მდე დროის იმავე მონაკვეთში.

"რაც შეეხება მგზავრთა გადაყვანას ევროპის კავშირის 27 ქვეყანაში, მსუბუქი ავტომობილი რჩება დომინანტ ტრანსპორტის სახეობად: ის 2018 წელს მოემსახურა მთლიანად კავშირის მასშტაბით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის 71.7 %-ს (2008: 72.6 %). საჰაერო ტრანსპორტმა თავისი წილი ევროპის კავშირში გაზარდა 7.1 %-დან 2008 წელს, 9.6 %-მდე - 2018 წელს, და ამგვარად გადაუსწრო საქალაქო და საქალაქათაშორისო ავტობუსებს (8 % - 2018) და რკინიგზას (6.9 % - 2018).თუ განვიხილავთ მგზავრთა გადაყვანას მხოლოდ ხმელეთით, ევროპის კავშირის 27 ქვეყანაში დომინანტური პოზიცია უკავია მსუბუქ ავტომობილებს, რომელთა წილმა 2008 წელს შეადგინა 78 %, ხოლო 2018 წელს - 80 %. დროის იმავე მონაკვეთში, სარკინიგზო ტრანსპორტის წილი 7.3 %-დან 7,7 %-მდე გაიზარდა, ხოლო ტრამვაის და მეტროპოლიტენის წილი - 1.6 %-დან 1.7 %-მდე. საქალაქო და საქალაქათაშორისო ავტობუსებით მგზავრთა გადაყვანის წილი შემცირდა 10.3 %-დან 9 %-მდე. ავსტრია, ნიდერლანდები და საფრანგეთი - ეს ის ქვეყნებია, რომლებშიც სარკინიგზო გადაზიდვების წილი 2018 წელს 10 %-ს აღემატებოდა. 2015 წლიდან 2018 წლამდე სარკინიგზო გადაზიდვების წილი ყველაზე მეტად გაიზარდა პოლონეთში, ჩეხეთში, ავსტრიაში და ესტონეთში, ხოლო ყველაზე მეტად შემცირდა დანიაში, უნგრეთში და ხორვატიაში," - გვეუბნება "პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბის" პრეზიდენტი, დავით გოჩავა.