როგორი მონეტარული პოლიტიკაა პარტნიორ ქვეყნებში

საქართველოს სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ცენტრალურმა ბანკებმა 2020 წლის პირველ ნახევარში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთები მნიშვნელოვნად შეამცირეს რაც, COVID-19 პანდემიისგან გამოწვეული კრიზისის ფონზე, შიდა მოთხოვნის წახალისებისკენ მიმართული ნაბიჯია. 

ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ-ი) აგვისტოს მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში.

დოკუმენტის მიხედვით, ფედერალურმა სარეზერვო სისტემამაც შეარბილა მონეტარული პოლიტიკა და ფედერალური ფონდების განაკვეთი უკვე ორჯერ 1.5-1.75%-იანი შუალედიდან 0-0.25%-იან შუალედამდე შეამცირა, ფართო რაოდენობრივი შერბილების პროგრამასთან ერთად. რაც შეეხება ევროპის ცენტრალურ ბანკს, იგი საპროცენტო განაკვეთს უცვლელად, 0%-ის დონეზე ტოვებს, თუმცა რაოდენობრივი შერბილება განაახლა.

შეგახსენებთ, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით საქართველოში მონეტარული პოლიტიკა შერბილდა, ანუ რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით შემცირდა და ის 8%-ზე დაფიქსირდა.

სპეციალისტები სებ-ის ამ გადაწყვეტილებას ასე აფასებენ: ინფლაციასთან დაკავშირებული რისკის მიუხედავად, ეროვნულმა ბანკმა თავისი მთავარი ფუნქცია დროებით დაივიწყა და არჩევანი ეკონომიკის სტიმულირების სასარგებლოდ გააკეთა. მათი თქმით, ეროვნულმა ბანკმა ჩათვალა, რომ დღეს ეკონომიკის შველა გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე დავუშვათ, მიზნობრივ ფასებზე ორიენტაცია.