როგორი მონეტარული პოლიტიკაა რეგიონში

გაზრდილი ინფლაციური წნეხისა და გეოპოლიტიკური რისკების გამო, რამდენიმე რეგიონულმა ცენტრალურმა ბანკმა აპრილში მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა. ამის შესახებ აღნიშნულია galt and taggart-ის ობლიგაციების რეგიონული ბაზრის აპრილის მიმოხილვაში. დოკუმენტის მიხედვით, თურქეთის ახალმა ცენტრალურმა ბანკირმა საპროცენტო განაკვეთი (19%) უცვლელად შეინარჩუნა, თუმცა აღნიშა, რომ ინფლაციის შემცირების შემთხვევაში პოლიტიკის შემსუბუქება განიხილება. აქვე განმარტებულია, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში თურქეთში ინფლაცია ორნიშნა ნიშნულზეა. აპრილში ინფლაცია გაიზარდა და 17.1% შეადგინა (მარტში 16.2% იყო), რაც გაუფასურებულ ლირას და გაზრდილ გლობალურ ფასებს უკავშირდება.

2021 წლის 16 აპრილის შეხვედრაზე უკრაინის ეროვნულმა ბანკმა პოლიტიკის განაკვეთი 1.0პპ-ით გაზარდა 7.5%-მდე, რაც გაზრდილ ინფლაციურ წნეხებს უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ ეს ცენტრალური ბანკის მხრიდან მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების მეორეე შემთხვევაა 2021 წელს (მარტში 50სპ-ით გაზარდა). 

2021 წლის მაისის დასაწყისში სომხეთის ცენტრალურმა ბანკმა პოლიტიკის განაკვეთები 50სპ-ით გაზარდა 6%-მდე, საგარეო ბაზრებზე ფასების (ძირითადად სურსათის) ზრდის გამო

რაც შეეხება, საქართველოს, აქ ეროვნულმა ბანკმა (სებ) 2021 წლის 28 აპრილის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთი 1.0პპ-ით გაზარდა 9.5%- მდე. რეგულატორის განმარტებით, ინფლაციაზე აღმავალი ზეწოლა ნარჩუნდება საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობპროდუქტებსა და სურსათის ზოგიერთ ჯგუფებზე ფასების ზრდის, პანდემიასთან დაკავშირებული წარმოების საშუალო ხარჯების ზრდის და ლარის გაუფასურების გამო. სებ-მა გადაწყვეტილების მიღებისას ასევე გაითვალისწინა ტურიზმის აღდგენასთან დაკავშირებული მაღალი გაურკვევლობა და ფისკალური დეფიციტის მაღალი დონე. 2021 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 7.2% შეადგინა და სებ-ის პროგნოზით, 2021 წელს ინფლაცია საშუალოდ 6.5%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი.ლარი დოლართან მიმართებაში აპრილში 0.9%-ით გაუფასურდა.