რომელ ქართულ პროდუქტებს ითხოვს ჩინეთი

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ჩინეთში ოფიციალური წარმომადგენლის, ბექარ მიქაბერიძის, განცხადებით, ყოველწლიურად ქართული ღვინო, განსაკუთრებით წითელი ღვინო  უფრო და უფრო პოპულარული ხდება ჩინეთის ბაზარზე. მისი ინფორმაციით, შანხაიში ჩინეთის მეორე ექსპორტ-იმპორტის გამოფენა გაიმართება. მისივე განმარტებით, ესაა მსოფლიოში უდიდესი პლატფორმა, რომელიც ორიენტირებულია იმპორტზე. მისივე თქმით, ღვინის გარდა, ჩინეთსი იმპორტის დიდი შესაძლებლობა აქვს  სოფლის მეურნეობის პროდუქტებს , წვენებს, მაღალალკოჰოლურ სასმელებს, ჯემებსა და მწნილებს. მიქაბერიზის თქმით, ქართული თაფლი და ყველი დიდი მოწონებით სარგებლობს ჩინეთში. ჩინელებმა ეს პროდუქტები შანხაის ექსპოზე გაიცნეს. 

"იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში გავიტანთ თაფლსაც, რომელიც არანაკლებ პოპულარობას მოუტანს საქართველოს აზიის ბაზარზე. მათ ძალიან მოსწონთ ასევე ტრადიციულად დამზადებული ყველი, რადგან ეს ყველი შეეფერება იქაურ ბაზარსა და სამზარეულოს და ჩინელი მომხმარებლისგან დიდი მოწონებით სარგებლობს.ჩინეთიდან საქართველოში საექსპორტოდ პრიორიტეტული პროდუქტებია: სამშენებლო მასალები, სამედიცინო პროდუქცია და მსუბუქი მრეწველობის პროდუქტები. ჩინელები ნაკლებად იცნობენ ქართულ კომპანიებს, ამიტომ მაქსიმალურად ბევრი ღონისძიება უნდა ჩავატაროთ, მაგალითად, როგორც ეს მოხდა ქართული ღვინის შემთხვევაში," - გვითხრა ქართული დიასპორის სავაჭრო სამრეწველო პალატის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჩინეთში ბექარ მიქაბერიძემ.

ცნობისთვის, ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება საქართველომ 2017 წელს გააფორმა.