რომელ უწყებაში იგეგმება შრომის ანაზღაურების ზრდა?

არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-იმ 2022 წლის ბიუჯეტის ბიუროკრატიული ხარჯების შესახებ მიმოხილვა გამოაქვეყნა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ასიგნებების განმკარგავ ორგანიზაციებში მომუშავეთა რიცხოვნობა 107-ით იზრდება და მათი რაოდენობა 112,712 პირს შეადგენს. სახელმწიფო ბიუჯეტში ასახული მომუშავეთა რიცხოვნობა მოიცავს მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების განმკარგავ ორგანიზაციებში დასაქმებულთა რაოდენობას, რაც რეალურად ასახავს საჯარო სექტორში დასაქმებულთა დაახლოებით მხოლოდ მესამედს. მაგალითად, აღნიშნული მონაცემები არ ფარავს ადგილობრივი თვითმართველობების, მთელი რიგი სსიპ-ების და ა(ა)იპ-ების მონაცემებს, რომლებიც არ წარმოადგენენ სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსების ფარგლებში პროგრამის უშუალო განმახორციელებელ ორგანიზაციებს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის და საპენსიო სააგენტოს მონაცემების მიხედვით, საჯარო სექტორში დაახლოებით 300 ათასი ადამიანია დასაქმებული.

სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2022 წლისთვის მომუშავეთა რიცხოვნობის ყველაზე დიდი ზრდა საერთო სასამართლოებსა (+79) და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში (+53) იგეგმება. მომუშავეთა რაოდენობის კლება გათვალისწინებულია 5 უწყებაში (სახელმწიფო აუდიტის სამსახური, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სსიპ - საპენსიო სააგენტო). 2022 წლის ბიუჯეტის პროექტში, საპენსიო სააგენტოს მომუშავეთა რიცხოვნობა განსაზღვრული-0-ით, რაც განპირობებულია იმ ფაქტით, რომ 2022 წლიდან სააგენტოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება აღარ იგეგმება.

2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მომუშავეთა რიცხოვნობის ზრდასთან ერთად, გათვალისწინებულია შრომის ანაზღაურების ხარჯების ზრდა. კერძოდ, საშტატო თანამშრომლების შრომის ანაზღაურების ხარჯები წინა წელთან შედარებით იზრდება 17.1 მილიონი ლარით და 1.65 მილიარდ ლარს აღწევს. სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების განმკარგავი დაწესებულებების მიხედვით, შრომის ანაზღაურების ხარჯების შემცირება მხოლოდ 5 უწყებაშია დაგეგმილი. ყველაზე დიდი კლება (-21,1 მილიონი ლარი) გათვალისწინებულია საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, რაც განპირობებულია იმ ფაქტით, რომ 2022 წელი არ არის საარჩევნო წელი. 2022 წელს ყველაზე დიდი ზრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში იგეგმება, სადაც 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, წლიურად 6.2 მილიონი ლარით იზრდება შრომის ანაზღაურებაზე გამოყოფილი თანხები, ასევე, შრომის ანაზღაურების ხარჯები 5.8 მილიონი ლარით იზრდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის.