საკარანტინო ზონებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 32.5 მლნ ლარი მოხმარდა

საკარანტინო ზონებისთვის დახარჯული სახელმწიფო ბიუჯეტი 32.5 მლნ ლარს შეადგენს. 

ამის შესახებ აღნიშნულია COVID-19-ის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, 22 მაისის მდგომარეობით, საკარანტინო ზონაში შედიოდა ქვეყნის მასშტაბით 84 სასტუმრო, რაც ჯამში აერთიანებდა 6 500-ზე მეტ ოთახს, რომლებშიც სავალდებულო კარანტინი 19 002 ადამიანმა დაასრულა. 2 თვის განმავლობაში მუდმივად დაკავებული იყო საშუალოდ 4 500-5 000 ოთახი. პროექტის განხორციელებით ხელი შეეწყო 23 მცირე ზომის (5-დან 40 ნომრამდე), 42 საშუალო (41-დან 100 ნომრის ჩათვლით) და 18 დიდი ზომის სასტუმროს (101 ნომერი და ზემოთ) ოპერირებას, რამაც უზრუნველყო როგორც სექტორის წარმომადგენლებისათვის, ისე სექტორში დასაქმებული ადამიანებისთვის სამსახურისა და შემოსავლების შენარჩუნება.