საქართველო COVID შეზღუდვების სიმკაცრით მსოფლიოში მე-15 ადგილზეა

2021 წლის 1 თებერვლიდან შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქება დაიწყო, თუმცა ვირუსი კვლავ მთავარ გამოწვევად რჩება. ამის შესახებ აღნიშნულია galt and taggart-ის საქართველოს ეკონომიკის მიმოხილვაში.

საქართველო COVID შეზღუდვების სიმკაცრით მე-15 ადგილზეა მსოფლიოს 184 ქვეყნიდან.

რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვები 1-ელი თებერვლიდან გაუქმდა და საჰაერო საზღვარზე შემოსვლის განახლებული რეჟიმი ამოქმედდა. საქართველოში შემოსვლა თვითიზოლაციის გარეშე 38 ქვეყნის არავაქცინირებულ მოქალაქეს შეუძლია. საჰაერო საზღვარი ქვეყანას დაახლოებით 10 თვე ჰქონდა დახურული. სახმელეთო საზღვარი საქართველომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის 16 მარტიდან ჩაკეტა და ამ დრომდე დახურული აქვს.

1 თებერვლიდან გახსნილის სავაჭრო ცენტრები და არასასურსათო მაღაზიები. 8 თებერვლიდან ამოძრავდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, თუმცა საქალაქთაშორისო მგზავრობა ჯერ კიდევ შეზღუდულია. ამავე პერიოდიდან მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. 15 თებერვლიდან ქვეყანაში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა და მოქმედებს სწავლების ჰიბრიდული მოდელი. 15 თებერვლიდან გაიხსნა რესტორნები, თუმცა ჯერ-ჯერობით ისინი სტუმრებს მხოლოდ ღია სივრცეში იღებენ. დახურული რჩება ფიტნეს და სპორტული ინდუსტრია. დახურული რჩება ასევე ზამთრის კურორტები.