საქართველოსა და უკრაინას შორის ავიარეისები იზრდება

„მნიშვნელოვანია, რომ პანდემიის მიუხედავად, საქართველოს ავიაბაზარს ახალი მიმართულებები ემატება, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის განვითარებას,“ - ასე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Bees Airline-ის გადაწყვეტილებას საქართველოსა და უკრაინას შორის რეგულარული ოპერირების მიმართულებებს გაზრდის შესახებ. 

კერძოდ, 22 ოქტომბრიდან, უკრაინული ავიაგადამზიდველი ფრენების შესრულებას ოდესა - თბილისი - ოდესის საჰაერო ხაზზე დაიწყებს

„უკრაინა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული ტურისტული სამიზნე ბაზარია, საიდანაც ყოველწლიურად ვიზიტორთა მზარდი დინამიკა გვაქვს. 2021 წლის მონაცემებით, უკრაინა ტოპ-სამულშია საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის მხრივ. Bees Airline-ის გადაწყვეტილება დადებითად აისახება საქართველოს ტურისტულ სექტორზე, როგორც ტრადიციულ ტურისტულ ადგილებზე, ასევე ახალ მიმართულებებზეც“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, Bees Airline-ი რეგულარულ რეისებს თბილისსა და ოდესას შორის, კვირაში 1 სიხშირით, ყოველ პარასკევს განახორციელებს. სააგენტომ უკრაინულ ავიაკომპანიას ახალი მიმართულებით ოპერირების ნებართვა უკვე მიენიჭა.

Bees Airline-ი საქართველოს ავიაბაზარზე 2021 წლის აპრილში შემოვიდა და დღეისათვის ფრენებს კიევიდან და ხერსონიდან ახორციელებს.