საქართველოში 1 128 ჰექტარზე ვაშლის ბაღები გაშენდა

სახელმწიფოს მხარდაჭერით, საქართველოს მასშტაბით, 1 128 ჰექტარზე ინტენსიური და ნახევრად ინტენსიური ვაშლის ბაღები გაშენდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით,  პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, სახელმწიფოს თანადაფინანსებამ 9 მლნ ლარზე მეტი შეადგინა.

შარშანდელთან შედარებით, ვაშლის საპროგნოზო მოსავალი 3-ჯერ გაიზარდა და 120 ათას ტონას აჭარბებს.

აღსანიშნავია, რომ არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით შემუშავდა სახელმწიფო პროგრამა, რომელიც 1 კგ არასტანდარტული ვაშლის ჩაბარების შემთხვევაში საწარმოებისთვის 0.10 ლარის ოდენობის სუბსიდიის გაცემას ითვალისწინებს.

სუბსიდიის შედეგად, ფერმერი 1 კგ არასტანდარტული ვაშლის სანაცვლოდ, მინიმუმ, 0.22 ლარს მიიღებს.