საქართველოში 17,000 ჰექტარზე მეტი მიწაა დაზღვეული

ბოლო მონაცემებით (7აგვისტო), აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში 2020 წლის 31 ივლისის მონაცემებით, სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში გაცემულია 16,000-ზე მეტი პოლისი. 

ამის შესახებ report.ge-ს სოფლის მეურნეობის სამინისტროში განუცხადეს.

უწყების ინფორმაციით, დაზღვეულია 17,000 ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 34 %-ით მეტია. დაზღვეული მოსავლის ღირებულება 150 მლნ ლარს აღემატება.

შეგახსენებთ, აგროდაზღვევის პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ყველა ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნია არაუმეტეს 5 ჰა (ხორბლის მოსავლის დაზღვევის შემთხვევაში, არაუმეტეს, 30 ჰა) ფართობის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შემთხვევაში, სააგენტოს მიერ ერთ დამზღვევზე/მოსარგებლეზე გადასახდელი პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 50 000 ლარს.

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა 2014 წლიდან ფუნქციონირებს. დღემდე, პროგრამის მიმდინარეობის 6 წლის განმავლობაში, ფერმერებისთვის ანაზღაურებულმა ზარალმა 38,252,017 ლარი შეადგინა.