საქართველოში 180.4 ათასი ადამიანი ავტომობილის პოტენციური მყიდველია

საქართველოში მსუბუქი ავტომობილების რაოდენობა ჩამორჩება მართვის მოწმობის მქონე მოქალაქეების რაოდენობას. ამის შესახებ აღნიშნულია galt and taggart-ის საავტომობილო ბიზნესის მიმოხილვაში. ანალიტიკოსები ამტკიცებენ,  რომ დაახლოებით 180.4 ათასი ადამიანი ავტომობილის პოტენციური მყიდველია. თუმცა, მათივე პროგნოზით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესებამ და ე.წ car-sharing პროგრამებმა შეიძლება ხელი შეუშალოს ზრდას. 

"ქალი მძღოლების ზრდამ შეიძლება მნიშვნელოვნად წაახალისოს ავტომობილებზე მოთხოვნა. 2019 წელს გაცემული მართვის მოწმობების 45.6% ქალებს ეკუთვნოდათ, 2010 წელს იგივე მაჩვენებელი 23.9% იყო," - ვკითხულობთ galt and taggart-ის საავტომობილო ბიზნესის მიმოხილვაში.

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ მომდევნო 10 წლის განმავლობაში წლიურად საშუალოდ 32 ათასი ქალი აიღებს მართვის მოწმობას. 

"ბოლო პერიოდში ქალი მძღოლების ზრდის მიუხედავად, 2020 წლის მდგომარეობით, ქალების მხოლოდ 20% ფლობს მართვის მოწმობას, ხოლო კაცების 72%, რაც მიუთითებს, რომ ქალი მძღოლების რაოდენობა გაიზრდება. ჩვენი შეფასებით, მომდევნო 10 წლის განმავლობაში ყოველწლიურად საშუალოდ 32 ათასი ქალი აიღებს მართვის მოწმობას. შედარებისთვის, 2010-20 წლებში წლიურად საშუალოდ 20 ათასი ქალი იღებდა მართვის მოწმობას," - აღნიშნავენ საავტომობილო ბაზრის მიმომხილველები.