საქართველოში ბენზინისა და დიზელის იმპორტი გაზრდილია

2020 წლის ივლისის თვეში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 110,4 ათასი ტონა, რაც 11,4 ათასი ტონით ანუ 11,5%-ით მეტია წინა თვის მაჩვენებელთან (99,0 ათასი ტონა) შედარებით და 23,4 ათასი ტონით ანუ 26,9%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (87,0 ათასი ტონა) შედარებით.

ამის შესახებ report.ge-ს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირიდან აცნობეს.

ბიზნესგაერთიანების მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-ივლისის თვეების განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 608,3 ათასი ტონა, რაც 27,0 ათასი ტონით ანუ 4,6%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (581,3 ათასი ტონა) შედარებით.

მათ შორის, მიმდინარე წლის ივლისის თვეში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 51,1 ათასი ტონა (მატება წინა თვის მაჩვენებელთან - 42,3 ათასი ტონა - შედარებით 8,8 ათასი ტონით ანუ 20,8%-ით), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 59,3 ათასი ტონა (მატება წინა თვის პერიოდის მაჩვენებელთან - 56,7 ათასი ტონა - შედარებით 2,6 ათასი ტონით ანუ 4,6%-ით).

2020 წლის იანვარ-ივლისის თვეებში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 295,2 ათასი ტონა (კლება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან - 299,4 ათასი ტონა - შედარებით 4,2 ათასი ტონით ანუ 1,4%-ით), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 313,1 ათასი ტონა (მატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან - 281,9 ათასი ტონა - შედარებით 31,2 ათასი ტონით ანუ 11,1%-ით).

ნავთობიმპორტიორთა კავშირის განმარტებით, საწვავის იმპორტის ზრდა ძირითადად განპირობებულია დიზელის საწვავის იმპორტის მატებით, რომელიც თავის მხრივ უკავშირდება სახელმწიფოს მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების პროგრამას, ინფრასტრუქტურული სამუშაოების დიდ მოცულობასა და საქართველოში ტრანზიტად გამავალი სატვირთო-სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობის მატებას (მ/წლის პირველი 6 თვის განმავლობაში გაზრდილია 13,2%-ით გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით).