საქართველოში Covid-პასპორტები ამოქმედდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, უწყებათშორისმა საბჭომ და პრემიერ-მინისტრმა საქართველოში Covid-პასპორტების შექმნას მხარი დაუჭირეს. ინიციატივა ჯანდაცვის სამინისტრომ წარადგინა და ახლა მის კონცეფციას ამუშავებენ. ეკონომიკის მინისტრის თქმით, საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც მოსახლეობას ტექნოლოგიურად გამართულ დოკუმენტებს შესთავაზებს.

"უახლოეს პერიოდში კოვიდ-პაასპორტის კონცეფცია საბოლოო სახით დამტკიცდება. ეს იქნება დოკუმენტი, რომელიც შეგვიძლია ვიქონიოთ ელექტრონულადაც და ამობეჭდილი სახითაც და მასზე დატანილი იქნება ინფორმაცია თუ როდის აიცრა ადამიანი, აქვს თუ არა ჩატარებული PCR-ტესტი და სრული Сovid-ისტორია. ვფიქრობთ, ეს იქნება მნიშვნელოვანი დოკუმენტი ქვეყნის გარეთ გასამგზავრებლად. კონკრეტული მატერიალური შეღავათები არ განიხილება. საუბარია იმაზე, რომ როცა ადამიანები იქნებიან უსაფრთხო, კომპანიები იქნებიან უსაფრთხო, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, შეზღუდვები მეტად შევამსუბუქოთ", - აღნიშნა ნათია თურნავამ.